უკრაინის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი, გიტანას ნაუსედა და ანდჯეი დუდა ნიუ-იორკში შეხვდნენ.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის მარცვლეულის ექსპორტის გამო წარმოქმნილი კონფლიქტი განიხილეს. გარდა ამისა ისაუბრეს ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ პოლონეთი წყვეტს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.
გიტანას ნაუსედამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ პოლონეთსა და უკრაინას შორის არსებული უთანხმოება რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს.
„საერთო, მთავარი მიზნისთვის - ევროპის დაცვა რუსეთის აგრესიული პოლიტიკისგან - უკრაინასა და პოლონეთს შორის არსებული უთანხმოება რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს. პოლონეთის ადგილი უკრაინის მხარდაჭერაში უნიკალურია. გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რადგან კრიზისის შემდგომი გაღრმავება უპასუხისმგებლო იქნება," - განაცხადა ნაუსედამ.
მანვე აღნიშნა, რომ აქ საუბარია არა ცალკეული ქვეყნების, არამედ მთელი რეგიონის და კონტინენტის უსაფრთხოებაზეც კი.
„როგორც ისტორია გვიჩვენებს, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, ერთმანეთის მხარდაჭერითა და დახმარებით შეგვიძლია დავუპირისპირდეთ გარე საფრთხეებს“, - აღნიშნა ნაუსედამ.