უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან დამატებით, 325 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილება 21 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა. ბაიდენმა განაცხადა, რომ Abrams-ის ამერიკული ტანკების პირველი პარტია უკრაინაში მომავალ კვირას ჩავა.
პენტაგონის ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს რაკეტებს AIM-9M საჰაერო თავდაცვისთვის, დამატებით საბრძოლო მასალებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის HIMARS, საჰაერო თავდაცვის სისტემებს Avenger, უპილოტო საფრენ აპარატებთან მებრძოლ ტყვიამფრქვევებს, 155 და 105-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს Javelin და AT-4, 3 მილიონზე მეტ ტყვიას ცეცხლსასროლი იარაღისთვის და სხვა საბრძოლო მასალას და ტექნიკას.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 43,9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.