"ანაკლიის პორტის" პროექტში სახელმწიფოს საკონტროლო პაკეტით მაქსიმალურად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებს“
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ნავსადგურის პროექტში სახელმწიფოს საკონტროლო წილი ექნება, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული საქართველოს ინტერესები. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხა.
„ანაკლიის პორტის წილების კონსტრუქცია იქნება ასეთი - 51 პროცენტის მფლობელი იქნება საქართველოს სახელმწიფო, ხოლო 49 პროცენტის - კერძო პარტნიორი. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არცერთი რომელიმე სახელმწიფოს ინტერესი და გავლენა არ დომინირებდეს საქართველოს ინტერესებზე და ეს პროექტი, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი, კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტი ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებს“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ვიცე პრემიერის განცხადებით, სწორედ აქედან გამომდინარეა წილების ის კონფიგურაცია, რომ სახელმწიფოს ექნება საკონტროლო პაკეტი ანაკლიის პროექტში.
„ჩვენ გვექნება კონტროლი ასეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე, განსხვავებით იმ გადაწყვეტილებებისგან, რომლის მომსწრეებიც ვართ წინა წლების განმავლობაში, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს უფლებების შეზღუდვით, უფლებების გარეშე უპასუხისმგებლო კონცესიის შეთანხმებებით არის გადაცემული სხვადასხვა ქვეყნის კომპანიაზე. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყანა იქნება, როდესაც სტრატეგიულ, კომერციულ ინტერესებზე ვსაუბრობთ, შეიძლება ორი, პოლიტიკურად მეგობარი ქვეყანა, კომერციული კუთხით იყვნენ კონკურენტები, ვერ ითანამშრომლონ და დაზიანდეს ამა თუ იმ ქვეყნის ინტერესი. ეს იყო ჩვენი ამოსავალი, როცა დავიწყეთ ანაკლიის პორტის განვითარება," - აღნიშნა მინისტრმა.
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში ჩართულია რამდენიმე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, ასევე შექმნილია უწყებათაშორისი სამთავრობო კომისია, რომლის გადაწყვეტილებით, შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა ორმა პრეტენდენტმა და ისინი გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე. კვალიფიცირებულ კანდიდატებს მიეცემათ რამდენიმეთვიანი ვადა ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების წარმოსადგენად, რომელთა შეფასების შედეგად კომისია გამოავლენს გამარჯვებულს და ეკონომიკის სამინისტრო დაიწყებს მოლაპარაკებებს კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, შესარჩევი პროცესი განსაზღვრულია კერძო და საჯარო პარტნიორობის შესახებ საქართველოს ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც სრულად თანხვედრაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, მათ შორის, ევროპულ დირექტივებთან.
„2022 წელს გავწიეთ მნიშვნელოვანი სამუშაო კვლევების გასაახლებლად, რადგან რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა და აქედან გამომდინარე, დაზუსტდა ბევრი მონაცემი, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ყოფილიყო სანდო პოტენციური პარტნიორებისთვის. გვყავდა მოწვეული ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Maritime & Transport Bussiness Solutions (MTBS), ასევე პროცესის მაღალ დონეზე წარმართვისთვის ტექნიკური კონსულტანტი - კომპანია PORT consultance Rotrerdam BV (PCR) და ასევე ძალიან ცნობილი საერთაშორისო იურიდიული კომპანია Squire Patton Boggs). ამ სამ კომპანიასთან ერთად დავიწყეთ კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ოთხი სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფისგან იყო წარმოდგენილი განაცხადი, სადაც დასაზუსტებელი იყო გარკვეული ტექნიკური საკითხები, ამისთვის მათ დამატებით მიეცათ ერთი თვე და საბოლოოდ, უწყებათაშორისმა კომისიამ, საკონსულტაციო კომპანიების რჩევების გათვალისწინებით, შემდეგი ეტაპისთვის შეარჩია ორი პრეტენდენტი - შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი.
„შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე გვეყოლება ორი პრეტენდენტი, რომლებთანაც რამდენიმე თვის განმავლობაში გვექნება მოლაპარაკებები, რომ მივიღოთ მათი მხრიდან წინადადებები - ამ წინადადებების კონკურენტუნარიანობასა და ხარისხზეა დამოკიდებული, საბოლოოდ ვინ იქნება კერძო პარტნიორი“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ეკონომიკის მინისტრი საქართველოს პარლამენტში იმყოფება, სადაც ინტერპელაციის წესით ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით შეკითხვებს პასუხობს.