Bloomberg: ევროკომისია უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციით გამოვა

ევროკომისია გეგმავს, უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ოქტომბერში გაუწიოს რეკომენდაცია. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Bloomberg 22 სექტემბერს ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

თუმცა, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ შეიძლება, დაჟინებით მოითხოვოს პროგრესი კონკრეტული რეფორმების მიმართულებით, კერძოდ, ანტიკორუფციული ღონისძიებების კუთხით. 


წინადადება ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცონ ევროკავშირის ლიდერებმა, რომლებიც სავარაუდოდ, კომისიის რეკომენდაციებს დეკემბერში სამიტზე განიხილავენ.

კრაინამ ევროკავშირში გაწევრიანება ოფიციალურად, 2022 წლის თებერვლის ბოლოს, ომის ფონზე მოითხოვა.

კანდიდატის სტატუსი გასული წლის ივნისში მიიღო. წევრობის მოლაპარაკების პროცესის დასაწყებად კიევმა უნდა განახორციელოს შვიდი რეფორმა, რომლებიც განსაზღვრულია ევროკომისიის მიერ.


ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინამ სექტემბერში განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე შეასრულა „ევროკავშირის რეკომენდაციები სასამართლოსა და მედია სფეროებში და რომ რეფორმები გრძელდება.


მან მოგვიანებით  ასევე განმარტა, რომ ზოგიერთი რეფორმის პროცესს, სავარაუდოდ, წლები დასჭირდება, რადგან ისინი ქვეყნის ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას წარმოადგენს.

ის მაინც თვლის, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებები წელს დაიწყება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 13 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინამ დიდი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გასული წლის ივნისიდან მოყოლებული, მაგრამ „მძიმე სამუშაო“ ჯერ კიდევ წინ არის. კომისიამ განუცხადა ბლოკის წევრებს ამ კვირაში, რომ უკრაინამ უნდა მიმართოს თავისი ძალისხმევა კორუფციასთან ბრძოლის, უმცირესობათა დაცვისა და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული რეფორმების მიმართულებით.