შსს: ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა პოლიციელებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლისა და მათთვის სიტყვეიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე დააკავეს.

ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მიმდინარეობს.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გლდანში მომხდარი დაპირისპირების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიულად გამოცხადდნენ ადგილზე. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ადგილზე მყოფმა პირებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მათ პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა,“ - განაცხადეს შსს-ში.