კანადამ სანქციები დაუწესა რუსეთის 42 მოქალაქესა და 22 იურიდიულ პირს, მათ შორის ეკონომიკის უმაღლეს სკოლა (HSE), MGIMO-ს და გაზეთ Komsomolskaya Pravda-ს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კანადაში ვიზიტის დროს გახდა ცნობილი. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სანქცირებულ პირებს შორის არიან MGIMO-ს რექტორი ანატოლი ტორკუნოვი, შრომის სამინისტროს ხელმძღვანელი ანტონ კოტიაკოვი, პოლიტოლოგი ფიოდორ ლუკიანოვი, ანდრეი კორტუნოვი, დიმიტრი ტრენინი და Rossotrudnichestvo-ს ხელმძღვანელი ევგენი პრიმაკოვი. სანქციების სიაშია რუსი ტანმოვარჯიშე ნიკიტა ნაგორნი, რომელიც იუნარმიას შტაბ-ბინას ხელმძღვანელობს.
შეგახსენებთ, ზელენსკი აშშ-ის შემდეგ კანადაში ჩავიდა. კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ თემთა პალატაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ კანადა უკრაინას 480 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტს გადასცემს.