პრემიერი ევროკავშირის კანდიდატის სტატუზე, უკრაინაზე, რუსეთზე, „პრაგმატულ პოლიტიკასა“ და „მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბზე“

„მე წარმოვადგენ საქართველოს - ძლიერ ერს, რომელიც აფასებს თავისუფლებას, ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას და ისწრაფვის პროგრესისკენ მუდმივად ცვალებად გეოპოლიტიკურ ვითარებაში,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლის დაწყებისას.

მან აღნიშნა, რომ საქართველომ 2008 წელს განიცადა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია და აგრძელებს მის დესტრუქციულ შედეგებთან გამკლავებას.

„ბატონო პრეზიდენტო, ბატონო გენერალურო მდივანო, ძვირფასო კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ მივმართავდე გაეროს გენერალურ ასამბლეას.

მე წარმოვადგენ საქართველოს − ძლიერ ერს, რომელიც აფასებს თავისუფლებას, ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას და ისწრაფვის პროგრესისკენ მუდმივად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში.


როგორც მოგეხსენებათ, ჩემმა ქვეყანამ 2008 წელს განიცადა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია და აგრძელებს მის დესტრუქციულ შედეგებთან გამკლავებას. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია და ასიათასობით ადამიანი სახლებიდან იძულებით არიან გადასახლებულნი.

თავდაჯერებით ვაცხადებ, რომ მიუხედავად გამოვლილი განსაცდელისა, არ შეგვიფერხებია ჩვენი ამბიციების განხორციელება. ჩვენ საქართველო გადავაქციეთ დინამიკურად განვითარებად საზოგადოებად, რომელიც სრულად არის ერთგული გაეროს წესდებაში გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების რეალიზაციის იდეისადმი“, - განაცხადა პრემიერმა.


„მრავალგანზომილებიანი რეგიონული ჰაბი"

ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო ყალიბდება მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ჰაბად. პრემიერის თქმით, საქართველოს ფინანსურმა სექტორმა გლობალური აღიარება მოიპოვა.

„საერთაშორისო ინვესტორებს ვიზიდავთ, რასაც დამატებით კაპიტალი შემოაქვს ჩვენს ეკონომიკაში. ასევე პრიორიტეტულად გვაქვს მიჩნეული ინვესტიციები ჩვენს ინფრასტრუქტურაში, რათა გაძლიერდეს დაკავშირებადობის უნარი, წარმატებით განვითარდეს ლოგისტიკური და ენერგეტიკული სექტორები. სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებს ვავითარებთ აზიასა და ევროპას შორის გადამწყვეტი კავშირების დასამყარებლად. საქართველოს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ინიციატივასა და ინფრასტრუქტურულ პროექტში აძლიერებს ამ კავშირს და ხელს უწყობს ვაჭრობას შავი ზღვის რეგიონში,“ - განაცხადა პრემიერმა.

„ჩვენი პრაგმატული საგარეო პოლიტიკის შედეგად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდა. ვაგრძელებთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას უკლებლივ ყველა ქართველის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს ზედიზედ ორი წლის განმავლობაში, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 10 პროცენტს აღემატება 2021 და 2022 წლებში. ეს პოზიტიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდა 2023 წელსაც და საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 7 პროცენტს მიაღწია,“ - აღნიშნა პრემიერმა.


მან ასევე ისაუბრა დაგეგმილ ფორუმზე, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივის, „ერთი სარტყელი, ერთი გზის" გამოძახილს წარმოადგენს. როგორც ღარიბაშვილმა თქვა, აღმოსავლეთის დასავლეთთან კავშირის გაძლიერების მიზნით, საქართველომ 2015 წელს დააარსა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ - საერთაშორისო პლატფორმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნესწრეებსა და საზოგადოების ლიდერებს შორის დიალოგისთვის.


პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას „შუა დერეფნის" მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„შუა დერეფანი გამოჩნდა როგორც უსაფრთხო და საიმედო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ სრულყოფილ საგზაო რუკებს აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან, რათა წავშალოთ საზღვრები და გავამყაროთ შუა დერეფანი 2022-2027 წლებში.


ხსენებული საგზაო რუკები ითვალისწინებს კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, საოპერაციო ოპტიმიზაციასთან, ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავებასთან, დერეფნის გაციფროვნებასთან და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებასთან," - აღნიშნა პრემიერმა.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკვე ხორციელდება ევროკავშირის ფლაგმანური, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტი, რომელიც საქართველოს მიერ არის ინიციირებული.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება.


ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, „ასოცირებული ტრიოს" ქვეყნებს შორის ლიდერის რანგში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დაიმსახურა.

„ველით, რომ საქართველოს თვალსაჩინო შედეგები და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტი სამართლიანად შეფასდება. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთადერთი გზაა!

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მინდა ხაზი გავუსვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და გაეროს წესდებაში ასახული ფუნდამენტური პრინციპების მნიშვნელობას," - განაცხადა პრემიერმა.

ამავე გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ უკვე ხორციელდება ევროკავშირის ფლაგმანური, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტი, რომელიც საქართველოს მიერ არის ინიცირებული,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


უკრაინის შესახებ

პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინას არსებით ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს ომის დაწყების დღიდან

როგორც მან აღნიშნა, ქართულმა სკოლებმა 2200-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე მიიღო და უკრაინულ ენაზე უზრუნველყოფენ სწავლებას ოფიციალური, უკრაინული სასწავლო პროგრამით.

„ჩვენ მივუერთდით, მხარი დავუჭირეთ და ხელი მოვაწერეთ 500-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ კომუნიკეს და სხვა ინიციატივებს უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, არაერთხელ შეაქო ჩვენი შესაბამისობა საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან.საქართველოს მთავრობა უკრაინას არსებით ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს ომის დაწყების დღიდან. ეს ხდება ქვეყნის და ინდივიდების დონეზე, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ საქართველოში. ქართულმა სკოლებმა 2200-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე მიიღო და უკრაინულ ენაზე უზრუნველყოფენ სწავლებას ოფიციალური, უკრაინული სასწავლო პროგრამით“, - განაცხადა პრემიერმა.


პრემიერის თქმით, მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ნებისმიერ ფასად ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა.

„ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად, მოვახერხეთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოდ ყოფნა უკრაინისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისას წინდახედული პოლიტიკითა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო - ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ნებისმიერ ფასად ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად, მოვახერხეთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოდ ყოფნა უკრაინისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისას წინდახედული პოლიტიკითა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით,” - განაცხადა პრემიერმა.


როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი კვლავ აღვიძებს საქართველოში 2008 წლის ომის ტრავმას.

„გლობალურად ვიბრძვით მშვიდობის, კეთილდღეობის, პროგრესისა და მდგრადობისთვის, მაგრამ გულს გვტკენს გაეროს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოხატული აგრესია, სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს,” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


„მიმართვა აფხაზ და ოს დებსა და ძმებს“

ჩვენი ერთიანობის წინააღმდეგი არის ჩვენი საერთო მტერი. ჩვენ ვართ გენიალური ხალხი, რომელსაც წარმოუდგენელი მიღწევები ძალუძს, მაგრამ მხოლოდ ერთად შეგვიძლია უზრუნველვყოთ ხანგრძლივი სტაბილურობა, დიდი ინვესტიციების მოზიდვა და სრული პოტენციალის გამოვლენა როგორც გაერთიანებულ ერს. არ უნდა დავუშვათ, რომ მშვიდობიანი, სტაბილური და აყვავებული მომავლისკენ დასახული შესაძლებლობა ხელიდან გავუშვათ. ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი, მიზნად ისახავს საქართველოს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში, რომელსაც ვეკუთვნით. 2012 წლიდან ჩვენი მთავრობის მნიშვნელოვანი მიღწევები, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და უვიზო რეჟიმი, ადასტურებს ჩვენს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

გასული წლის ივნისში საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი თავი გახსნა ევროკავშირთან ურთიერთობაში. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ქართველების თითქმის 90 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ ურყევი ერთგულება დავადასტურეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პრიორიტეტის მიმართ. ძლიერი, ინკლუზიური და გამჭვირვალე შიდა პროცესის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ჩვენ ვახერხებთ წლის ბოლომდე მათ შესრულებას,“ - განაცხადა პრემიერმა.