უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ოკუპირებული ყირიმის ხიდზე რეგულარულ დარტყმებს მიიტანს.
„კითხვა იმაში კი არ არის, შევუტევთ თუ არ შევუტევთ ხიდს? ჩვენ ამას რეგულარულად ვაკეთებთ და ამიტომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ეს მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია," - განაცხადა ბუდანოვმა.
ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა რეაქცია ექნება ამაზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ბუდანოვმა უპასუხა: „და რას გააკეთებს პუტინი? ის კიდევ ერთხელ გაბრაზდება. რისი გაკეთება შეუძლია?!“
რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.