ჯეიჰუნ ბაირამოვი: აზერბაიჯანმა ყარაბაღში საკუთარ მიზანს მიაღწია

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღში საკუთარ მიზანს მიაღწია.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მათ მტკიცედ სჯერათ, რომ არსებობს ისტორიული შესაძლებლობა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დამყარდეს კეთილმეზობლური ურთიერთობები და მშვიდობიანად იარსებონ გვერდიგვერდ, როგორც ორმა სუვერენულმა სახელმწიფომ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

როგორც ბაირამოვმა აღნიშნა, აზერბაიჯანი დაჰპირდა ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს, რომ დაიცავენ მათ უფლებებს, ხოლო სურვილის შემთხვევაში თავისუფლად შეძლებენ ტერიტორიის დატოვებას.


„აზერბაიჯანის მიერ ჩატარებულმა ანტიტერორისტულმა ღონისძიებებმა დასახულ მიზნებს მიაღწია. სომხეთი და მისი დაქვემდებარებული არალეგალური რეჟიმი იძულებული გახდნენ, დათანხმებულიყვნენ განიარაღებაზე, დაეშალათ ყველა უკანონო სტრუქტურა და დაეტოვებინათ აზერბაიჯანი. მიზეზი იმისა, რომ ეს არ მოხდა მშვიდობიანად, მდგომარეობს სომხეთის მხრიდან თავხედურ უგულებელყოფაში და ჩართული მესამე მხარის, ფასილიტატორების მხრიდან ადეკვატური ქმედებების არარსებობაში,“ – აცხადებს ბაირამოვი.