კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, ეთნიკური სერბებით დასახლებული რეგიონის სოფელში, შეიარაღებული პირები ჯავშანტექნიკით შეიჭრნენ, პოლიციას დაუპირისპირდნენ და სერბულ მართლმადიდებლურ მონასტერში გამაგრდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კოსოვოს პოლიციამ განაცხადა, რომ სოფელ ბანსკის გარშემო სროლის დროს ერთი ოფიცერი და 30 თავდამსხმელიდან სამი დაიღუპა.
თავდამსხმელები ამჟამად მონასტერში არიან გამაგრებულები. ტერიტორია სამართალდამცველების ალყაშია. სერბული ეკლესიის ცნობით, ბერები და მომლოცველები მონასტრის ტაძარში არიან ჩაკეტილები.
გაურკვეველია, ვინ დგას ძალადობის უკან, მაგრამ კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯელალ სვეცლამ "სერბეთის მიერ დაფინანსებული კრიმინალები" დაადანაშაულეს.
„ისინი არიან პროფესიონალები, სამხედრო და პოლიციის გამოცდილებით,“ – განაცხადა კოსოვოს პრემიერმა ალბინ კურტიმ, რომელმაც მონასტერში შეჭრილ შეიარაღებულ პირებს ჩაბარებისკენ მოუწოდა. სერბეთის ოფიციალურ პირებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.