აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები სომხეთში ჩადიან

ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები სომხეთში ჩადიან. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის სამანტა პაუერის და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, იური კიმის ვიზიტი იქნება პირველი მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გახდა ცნობილი.


„პაუერი შეხვდება მთავრობის მაღალჩინოსნებს და დაადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას სომხეთის დემოკრატიის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი,“ - აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

პაუერი ასევე განიხილავს ზომებს ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად. 


„აშშ ღრმად არის შეშფოთებული მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული პირობების შესახებ ცნობებით და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციებისა და კომერციული მიმოსვლის შეუფერხებლად წვდომის დაშვების მოწოდებით გამოდის,“ - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


5 ოქტომბერს, ესპანეთის ქალაქ გრანადაში სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ერთმანეთს შეხვდებიან. 

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, არმენ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის მოსამზადებლად. ცნობილია, რომ შეხვედრაში მონაწილეობას საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი მიიღებენ.


შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს, 19 სექტემბერს განაცხადა.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო ცენტრში 80 დაჭრილი და ხუთი გარდაცვლილია. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებს შორის 15 მშვიდობიანი მოქალაქეა. ამის შესახებ BBC-ის რუსული რედაქცია იუწყება, თუმცა აზუსტებს, რომ ინფორმაციას დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს. შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.