მარტის აქციების მონაწიე, ლაზარე გრიგორიადისს, მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის ფაქტზე, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ნაჭყებიამ გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, გრიგორიადისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირდა, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
გრიგორიადისი დამნაშავედ ცნეს 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რაც გრიგორიადისს მამის კუთვნილი მანქანის დაზიანებას გულისხმობს. მას მოსამართლემ 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა მძიმე სასჯელმა აღნიშნული სასჯელი შთანთქა.
ლაზარე გირგორიადისი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს, მეორე მხრივ, დაზარალებულს მომხდარზე პრეტენზია არ აქვს. სასამართლოზე ბექა გრიგორიადისმა დარბაზიდან განაცხადა, რომ „არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ბავშვი არაფერ შუაში იყო."
მოსამართლემ ის წესრიგის დარღვევის გამო სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
როგორც IPN წერს, ლაზარე გირიგორიადისს მამის, ბექა გრიგორიადისის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდნენ. შემთხვევა, 2021 წელს მოხდა. ლაზარე გრიგორიადისმა მამას ცივი იარაღით, დანით ბარძაყის არეში დაზიანება მიაყენა და მისი კუთვნილი ავტომანქანის უკანა საქარე მინა ჩაამტვრია.