თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 6 პირს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორმა მარიამ ბეგიაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ დაკავებულების მხრიდან არსებობს დაზარალებულებზე და მოწმეებზე ზემოქმედების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები, ამიტომ, სასჯელი უნდა იყოს მკაცრი.
ადვოკატებმა დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, თბილისში, გლდანის I მიკრო-რაიონში, ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოთხ პირს თავს დაესხნენ და მათ მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელეს.
დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის. 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ გლდანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 6 პირი 23 სექტემბერს დააკავა.