რა საკითები განიხილა ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა იუროვასთან


საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განსახილველ მთავარ თემას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი წარმოადგენდა. მინისტრმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით მიღწეული წინსვლა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება დაფასებული და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებაში აისახება.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კანონის უზენაესობის სფეროში საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ევროპული ღირებულებების და ევროკავშირში ინტეგრაციის  გზაზე ნაკისრი ვალდებულებების ერთგულია. შეხვედრის დასასრულს, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.


დარჩიაშვილი ასევე შეხვდა ევროკომისარს საშინაო საკითხებში, ილვა იოჰანსონს. შეხვედრის მთავარი საკითხი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგი და ამ პროცესში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. მინისტრმა ევროკომისარს გააცნო ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების გზაზე მიღწეული წინსვლა და ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესზე, რასაც ქვეყანამ ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდგომ, საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების კუთხით მიაღწია.


„მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების სრულად განხორციელების მიმართ და იმედი გამოითქვა, რომ ევროკომისია სათანადოდ შეაფასებს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას. შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში საქართველოს მიერ განხორციელებული ძალისხმევა და პოზიტიურად შეფასდა საქართველოსა და ევროკავშირის სააგენტოებს შორის, როგორებიცაა - EUROPOL და Frontex, თანამშრომლობის დინამიკა. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები მიმოიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურეს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.