ავსტრია უკრაინაში IAEA-ს საქმიანობისთვისა და „ბირთვული ინციდენტების თავიდან ასაცილებლად“, დამატებით, €1 მილიონს გამოყოფს

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე შალენბერგმა განაცხადა, რომ ავსტრია დამატებით, 1 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მუშაობის დასაფინანსებლად და „ბირთვული ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.“


შალენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, უკვე 19 თვეა, გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში მოსკოვი ავლენს „მიუღებელ და უპასუხისმგებლო“ ქცევას, მათ შორის ბირთვული უსაფრთხოების საკითხში.


მინისტრის თქმით, ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურის, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაცია რუსული ჯარების მიერ გრძელდება და ხაზი გაუსვა IAEA-ს საქმიანობას ბირთვული ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.


უკრაინასა და IAEA-ს შორის ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა 2022 წლის მარტში დაიწყო. მიმდინარე წლის თებერვლიდან ორგანიზაცია უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივად განლაგდა. ივნისში ავსტრიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ 1 მილიონ ევროს გამოუყოფს IAEA-ს, უკრაინაში ბირთვული უსაფრთხოების მხარდასაჭერად.