დღეიდან საქართველომ რუსეთსა და ბელორუსში ევროპული ავტომობილების რეექსპორტი აკრძალა

დღეიდან, 26 სექტემბრიდან იკრძალება ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი ავტომანქანების ნაწილის რუსეთში ექსპორტი და რეექსპორტი.

შესაბამისი განკარგულება ძალაში შევიდა.


ევროპული საბჭოს 2014 წლის 31 ივლისის კონსოლიდირებული ვერსიის დანართში მე-11 პაკეტის სახით შესული ცვლილების თანახმად, 2023 წლის 26 სექტემბრიდან, მიუხედავად ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულებისა, აიკრძალება ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი 1,900 კუბურ სანტიმეტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების, ისევე როგორც ყველა ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანის რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთის ფედერაციაში.


საქსტატის მონაცემებით, ივლისში საქართველოდან რუსეთში 13,346 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1054 ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა, აგვისტოში კი, მხოლოდ 85 ერთეულის (781,1 ათასი დოლარის ღირებულების) რეექსპორტი მოხდა.


მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოდან რუსეთში 4840 ერთეული ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 65.8 მილიონი დოლარი შეადგინა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ავტომობილების რეექსპორტს საქართველოს საექსპორტო შემოსავლების მნიშვნელოვანი წილი უკავია - მთლიანი ექსპორტის თითქმის 33%, რაც ჯამში 1.178 მლრდ დოლარს აღწევს.

1-ელი აგვისტოდან, საქართველოს ტერიტორიიდან იკრძალება აშშ-დან შემოყვანილი მანქანების ექსპორტი რუსეთსა და ბელორუსში.