სამანტა პაუერი: აშშ ყარაბაღის მოსახლეობისთვის $11,5 მილიონის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.


შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა.

20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს.


22 სექტემბერს სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არიან ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულთა მისაღებად, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ისინი თავიანთ სახლებში დარჩნენ და მშვიდად ცხოვრება განაგრძონ. სომხური მხარის ცნობით, რეგიონის მოსახლეობა 120 ათასამდეა.


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და მალე დაინახავენ უკეთესობას. ალიევის თქმით, ბაქოს მიზანია „მშვიდობიანი თანაცხოვრება, ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა". თავის მხრივ, ყარაბაღელი სომხები მოითხოვენ უსაფრთხოების მყარ გარანტიას, რომელიც მათი წარმომადგენლების თქმით, ჯერჯერობით ვერ მიიღეს.


ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე, ერევანში საპროტესტო გამოსვლები სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დაიწყო. 24 სექტემბერს ოპოზიციამ დაუმორჩილებლობის შესახებ გამოაცხადა.

  • მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.