გენშტაბის ცნობით, უკრაინა წინ მიიწევს ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებით

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის გასულ 24 საათში 26 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

ამასთან, უკრაინელი სამხედროები შეტევაზე არიან სამხრეთში, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლის და აღმოსავლეთში, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებებით და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს. როგორც ცნობილია, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქებში კონტრშეტევა 2023 წლის ივნისიდან დაიწყეს.


გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის შეტევები მოიგერიეს დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტის, სევერნოეს, რაიონში და ქალაქ მარინკასთან, ხოლო ზაპოროჟიეს ოლქში - სოფელ ნოვოდაროვკასთან.

დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში მებრძოლი უკრაინის ძალების მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ სამხედროებმა რუსეთის თავდაცვის ხაზები გაარღვიეს სოფელ ვერბოვესთან.