ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, ჰუმანიტარულ დახმარებას 5 მილიონი ევროთი აძლიერებს.
სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ცნობით, კონფლიქტის ესკალაცია და შემდგომი ცეცხლის შეწყვეტა, სავარაუდოდ, გამოიწვევს მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში ხალხის მასობრივ გადინებას, დაახლოებით 13 500 ლტოლვილმა უკვე გადაკვეთა საზღვარი. ამავდროულად, მთიანი ყარაბაღის ანკლავში არის საკვების დიდი დეფიციტი და ელექტროენერგიისა და წყლის ხელმისაწვდომობის ნაკლებობა.
გამოყოფილი თანხის პრიორიტეტული მიმართულება ფულადი დახმარება, თავშესაფარი, სასურსათო უზრუნველყოფა და საარსებო წყაროს დახმარება. ეს დახმარება გაიგზავნება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით და მიზნად ისახავს დაახლოებით, 60 000 ადამიანის დახმარებას საკვებით, ჯანდაცვით, თავშესაფრითა და ლოგისტიკით.
ევროკავშირი ასევე აგზავნის ჰუმანიტარულ ექსპერტს რეგიონში, რომელიც იმუშავებს ადგილზე პარტნიორებთან ერთად, რათა უზრუნველყოს კრიზისზე სწრაფი რეაგირება.
26 სექტემბერს გამოცხადებული ახალი დაფინანსების ჩათვლით, ევროკომისიამ 25,8 მილიონ ევროზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გამოყო 2020 წელს მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ. 2020 წლის კონფლიქტის დაწყებისას მთიან ყარაბაღში, კომისიამ სასწრაფოდ გამოყო 6,9 მილიონი ევრო, რათა დაკმაყოფილდეს საომარი მოქმედებების შედეგად უშუალოდ დაზარალებული მშვიდობიანი მოქალაქეების საჭიროებები.
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.