საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრების გეგმის გამო გადადგა. ამ სათაურით Deutsche Welle სტატიას აქვეყნებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯით ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც თან ახლდა გაყალბების შესახებ ბრალდებები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოპოზიციის ლიდერის დაკავების საკითხის გამო გადადგა - ეს კი Euronews-ის სათაურია. სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისის შუაგულშია.
„არჩევნების გაყალბების ბრალდებების ფონზე, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა უარი თქვეს პარლამენტში ადგილების დაკავებაზე“, - წერს Euronews.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი გადადგა, ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს“, - ბრიტანული სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ამ ნაბიჯს ოპოზიცია ზეიმობს.
„გასულ წელს, ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, მაგრამ ოპოზიციამ განაცხადა, რომ ხმები გაყალბდა“, - წერს Reuters-ი.
გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან დღეს გადადგა და ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.