ჩეხეთი ამერიკული წარმოების F-35-ის ტიპის 24 საბრძოლო თვითმფრინავს შეიძენს

პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა ამერიკული წარმოების F-35-ის ტიპის 24 საბრძოლო თვითმფრინავს შეიძენს. შესაბამის ინფორმაციას AFP ავრცელებს.

პირველი ზებგერითი თვითმფრინავები ჩეხეთში 2031 წელს ჩავა, არმიას კი, 24-ვე თვითმფრინავი 2035 წლისთვის ექნება.

„პირველი F-35-ები მზად 2029 წელს იქნება და ჩვენი პილოტები მათთან ერთად წვრთნას შეერთებულ შტატებში დაიწყებენ,“ - განაცხადა ფიალამ.

კონტრაქტის ღირებულება 6,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.


ჩეხეთის არმია ამჟამად შვედური წარმოების 14 გამანადგურებელ Gripen-ს იყენებს. მათი იჯარის ვადა 2027 წელს იწურება. NATO-ს დაპირების შესაბამისად, ჩეხეთი მომავალი წლიდან გეგმავს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი თავდაცვაზე დახარჯოს.