პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ოთხშაბათს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას, მონაწილეობა მიიღო ამერიკულ კომპანია Westinghouse-თან ხელშეკრულების ხელმოწერაში, რაც პოლონეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.
შეთანხმება ითვალისწინებს ამერიკელი სპეციალისტების მონაწილეობას პოლონეთის პომერანიაში ატომური ელექტროსადგურის პროექტირებასა და მშენებლობაში. პოლონეთის მხრიდან სამუშაოს კომპანია Polskie Elektrownie Jądrowe განახორციელებს, რომელსაც მანამდე შესაბამისი ნებართვა მიეცა.
მორავიეცკის თქმით, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა პოლონეთს გახდის "ცენტრალური ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების მიმწოდებელს, ისევე როგორც დღეს პოლონეთი უკვე ხდება გაზის კერა - სახელმწიფო, რომელიც დამოუკიდებელია გაზის მხრივ."
გეგმის მიხედვით, პომერანის ატომური ელექტროსადგური პოლონეთს 23 მილიარდი დოლარი დაუჯდება და საბოლოოდ, ექსპლუატაციაში 2033 წელს შევა. მან ელექტროენერგია 12 მილიონ პოლონურ ოჯახს უნდა მიაწოდოს.
პოლონეთი სულ სამი ატომური ელექტროსადგურის შექმნას გეგმავს, რომელიც მთელი ენერგიის დაახლოებით 30%-ს გამოიმუშავებს.
პოლონეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა მიმდინარე წლის ივლისში გაიცა.