აშშ-მ რუსული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა რუსული ავიახაზების Aeroflot-ის, Utair-ის და Azur Air-ის მიმართ საექსპორტო შეზღუდვები 180 დღით გაახანგრძლივა. გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის და 180 დღით აგრძელებს შეზღუდვებს.

დოკუმენტების თანახმად, მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ, რომელიც აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის, რუსული ავიახაზების წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების შესახებ მოთხოვნა 5 სექტემბერს წარადგინა.

აშშ-ის მრეწველობისა და ვაჭრობის დეპარტამენტში სანქციების შემოღებისას განმარტავდნენ, რომ შეზღუდვები იმის გამოა მიღებული, რომ ავიაკომპანიებმა რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები დაარღვიეს.