აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ სამ რუსულ ავიაკომპანიას „აეროფლოტს“, Utair-სა და Azur Air-ს ექსპორტზე სანქციები დაუწესა.
შემაკავებელი ზომები ითვალისწინებს, რომ ავიაკომპანიები ვერ შეძლებენ არა მხოლოდ ამერიკული პროდუქციის გატანას აშშ-დან, არამედ რეექსპორტს მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. სანქციები დაწესებულია 180 დღის ვადით, გაგრძელების შესაძლებლობით.
აშშ-ს მრეწველობისა და ვაჭრობის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ შეზღუდვები იმის გამოა მიღებული, რომ ავიაკომპანიებმა რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები დაარღვიეს.
რუსული ავიახაზები იყენებენ ამერიკული წარმოების თვითმფრინავებს, სანქციები კრძალავს მათ მომსახურებას და სათადარიგო ნაწილების შეძენას.
სანქციების გამო, მეიჯარეების მოთხოვნით, რუსეთის ფედერაციის ავიაკომპანიების თვითმფრინავების დაკავება დაიწყო საზღვარგარეთ. ამან გამოიწვია რუსული ავიახაზების საზღვარგარეთ ფრენების თითქმის სრული შეწყვეტა.
14 მარტს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს რუსული ავიახაზების მიერ იჯარით აღებული უცხოური თვითმფრინავების უფლებების რეგისტრაციის შესაძლებლობის შესახებ. კანონით ასევე ნებადართულია შიდა ფრენისუნარიანობის სერტიფიკატების გაცემა ისეთ თვითმფრინავებზე, რომლებსაც ასევე შეექმნათ სირთულეები სანქციების გამო. ამის შემდეგ „აეროფლოტმა“ განაახლა ფრენები ზოგიერთ უცხო ქვეყანაში.
18 მარტს აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა იმ თვითმფრინავების სია, რომლებიც აგრძელებენ ფრენას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიუხედავად. სიაში შედიოდა აეროფლოტის 33 თვითმფრინავი, აქედან 23 Azur Air -ს ეკუთვნოდა, ხოლო 12 Utair-ს.
ასევე წაიკითხეთ