ირაკლი ღარიბაშვილი: გაუგებარია, რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძემ 10 წელია, დატოვა საჯარო სამსახური და გაუგებარია, რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს გასაკვირია.

„ეს ჩემთვის აუხსნელია. ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. მინდა გითრხრათ ერთი განმასხვავებელი - ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, ჩემს თვალში არის მოღალატე. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნება - ის არის გამყიდველი და მოღალატე. ჩემთვის და სამსახურებისთვის, სახელმწიფოსთვის არ არის ცნობილი არცერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძე ჩვენი ქვეყნის საზიანოდ რაიმე ქმედება ჩაიდინა,“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას მტკიცებულება სჭირდება.

„ჩვენ მათთან გვაქვს დისკუსია და კომუნიკაცია. მთავარი წუხილი რაც მინდა, გამოვხატო და გაკვირვება არის ის, რომ შეერთებული შტატების არცერთ სამსახურს არასოდეს მოუმართავს ფარცხალაძის შესახებ, რომ გადაემოწმებინათ ფარცხალაძის საქმიანობა რუსეთში. ჩვენ ვიცოდით, რომ მას ბიზნესსაქმიანობა ჰქონდა, მაგრამ ფარცხალაძე რომ ოლიგარქი არ არის და გავლენა არ აქვს საზოგადოებაზე, ეს დასამალი არ არის. რანაირი ოლიგარქია, კაცი წასულია 10 წელზე მეტია, აკეთებს ბიზნესს. მისი არჩევანია, რატომ აიღო პასპორტი, ეს ყველა ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.