ირაკლი ღარიბაშვილი ლავროვის განცხადებაზე: რუსეთთან არავითარი რაიმე ტიპის ფორმალური მოლაპარაკება და მით უმეტეს, მთავრობის სახელით არ გამართულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო.

„საქართველოს მთავრობის სახელით, მე გიდასტურებთ, რომ არავის ჩვენი სახელით, მთავრობის და ჩემი სახელით, არავის ფორმალური მოლაპარაკებები ამ საკითხზე არ გაუმართავს. ეს იყო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება,“ - განაცხადა პრემიერმა.


მისი თქმით, ძალიან ბევრი ბიზნესმენი და ძალიან ბევრი ქართველი, ეს არის მილიონზე მეტი ქართველი, რომელსაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა და არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და არიან ამავდროულად რუსეთის მოქალაქეებიც.

„ისინი ბუნებრივია, მათი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ბიზნეს საქმიანობა აქვთ, პირდაპირ მიმოსვლები აქვთ, ოჯახები, ნათესავები ყავთ აქ ადგილზე, დაინტერესებული იყვნენ, რომ ყოფილიყო და აღმდგარიყო პირდაპირი ფრენები. ეს არ არის დამალული ფაქტი.


ჩვენც ვიყავით მათ შორის დაინტერესებული, რომ ჩვენი მოქალაქეები, რაც გამარტივდება და რაც გაამარტივებს გადაადგილებას, იოლი იქნება და იაფი იქნება უფრო, ეკონომიური იქნება, რა თქმა უნდა კარგია. ეს ჩვენ არაფერი არ დაგვიმალავს. თქვენი პრობლემა რაში მდგომარეობს, მეგობრებო, თქვენ ყოველთვის რაღაცას მალავდით ხალხისგან და უმალავდით ყველაფერს. ყველაფერს აკეთებდით ხალხის საზიანოდ, ჩვენ ღიად ვაკეთებთ ყველაფერს. ამაშია ჩვენი სიძლიერე ამიტომ წყნარად იყავით,“ - განაცხადა პრემიერმა.

მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვის კომენტართან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.


ჟურნალისტის შეკითხვას - ვინ ტყუის: ლავროვი, რომელმაც თქვა, რომ ფრენების აღდგენა ირაკლი ღარიბაშვილთან შეთანხმდა, თუ თავად პრემიერი, რომელმაც განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რუსეთმა დამოუკიდებლად მიიღო, ირაკლი ღარიბაშვილი ასე პასუხობს:

„ძალიან ჩამჭრელი შეკითხვაა, არ ვიცი, როგორ გიპასუხოთ. ძალიან მარტივადაა საქმე, ამას პატარა ბავშვი მიხვდება. გაგახსენებთ, მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო, უვიზო რეჟიმის და ფრენების აღდგენა. დღეს რაც თქვა ბატონმა ლავროვმა, ეს არის ფაქტის კონსტანტაცია. რა თქმა უნდა, ამ შეთანხმების გაფორმება მოხდა საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სააგენტო ბუნებრივია, თანხმობას აძლევს შესაბამის უწყებას და შესაბამის კომპანიებს, რუსულ კომპანიებს, ამ შეთანხმებაზეა საუბარი და რა სკანდალი ნახეთ ამაში, რა აღმოაჩინეთ?


მანამდე თქვენ მოისმინეთ რუსეთის პირველი პირის, პრეზიდენტის განცხადება, რომ ეს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო. დღეს რა განცხადებაც გაკეთდა, იმ ფაქტის დადასტურებაა, რომ მთავრობასთან შეთანხმება მოხდა. ეს ჩვენ ფარულად არ გაგვიკეთებია. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ თქვა, რომ ფრენებს აღადგენს და ჩვენს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმს დაუწესებს, ჩვენ ამას მივესალმეთ, ვთქვით, რომ ეს კარგი ნაბიჯი იყო, რაც ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას წაადგება, კარგია. ეს ყველაფერი ღიად გავაკეთეთ, ფარულად არ გაგვიკეთებია, ვთქვით, რომ დიახ, ჩვენ დავეთანხმებით და დავეთანხმეთ კიდეც და შეთანხმება გავაფორმეთ, ვთქვით, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და არასანქცირებული თვითმფრინავები იფრენდნენ,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.