ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ ამნისტია გამოაცხადა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღო დადგენილება „ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ამნისტიის შესახებ“. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

დოკუმენტი „პარლამენტის“ ე.წ. ვიცე-სპიკერმა ასტანურ არშბამ წარადგინა.


დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებით, პატიმრობიდან გათავისუფლდება ყველა, ვისაც 3 წლამდე ვადით ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა.

გათავისუფლდებიან 5 წლამდე ვადით პატიმრობამისჯილი ვეტერანები, მოხალისეები, ზურგში მებრძოლი ვეტერანები და ქართულ-აფხაზური ომის ინვალიდები; აფხაზეთის ტერიტორიაზე ბრძოლებში მონაწილე ვეტერანები და ინვალიდები; I და II ჯგუფების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; I და II ჯგუფების ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრები; აივ ინფექციით ინფიცირებულები, აგრეთვე III ან IV კლინიკური ჯგუფების ონკოლოგიური დაავადებების მქონე პატიმრები; სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში პირველად მიცემული პირები და ქალები.


სასჯელის ხანგრძლივობის მიუხედავად, პატიმრობიდან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც სასჯელს იხდიან გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულებზე; არასრულწლოვანი შვილების დედები, ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილების დედები, ასევე ორსული ქალები; 55 წელზე მეტი ასაკის ქალები და 60 წელზე უფროსი ასაკის კაცები; არასრულწლოვანები; პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი სსკ-ის 206-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (მასობრივი არეულობები).

სასჯელისაგან თავისუფლდებიან პირობით მსჯავრდადებულები, რომლებისთვისაც დადგენილების ძალაში შესვლამდე სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეიცვალა სასჯელის უფრო მსუბუქი ფორმით; სასჯელგადავადებულები; თავისუფლების აღკვეთის გარდა, სხვა სახის სასჯელმისჯილები.

ამნისტია არ გავრცელდება იმ პირებზე, რომელთაც ადრე შეეხოთ ამნისტია ან შეწყალების აქტები; პირებზე, რომლებსაც პატიმრობა მისჯილი აქვთ განზრახ ჩადენილ დანაშაულზე. ამასთან, დადგენილებაში ჩამოთვლილ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მუხლებზე.


ამნისტიის შესახებ დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილება ორ თვეში უნდა შესრულდეს.

ჯერჯერობით უცნობია, შეეხებათ თუ არა რაიმე სახით ამნისტიის აქტი უკანონო პატიმრობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაშია საქართველოს ორი მოქალაქე: ქრისტინე თაკალანძე, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ჯაშუშობის" ბრალდებით და ირაკლი ბებუა, რომელიც დე ფაქტო სასამართლომ „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანების“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის“ მუხლებით გაასამართლა და 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.