ირანის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ საავტომობილო ბატარეების ქარხანაში ხანძარი, ერთ კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში უკვე მეორედ გაჩნდა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
„არავინ დაშავებულა ხანძრის შედეგად, რომელიც გაჩნდა იმ ადგილას, სადაც პლასტმასის ნარჩენები ინახება,“ იუწყება სახელმწიფო ტელევიზია. ირანულმა მედიამ გაავრცელა ფოტოები და ვიდეოკადრები, რომლებზეც დედაქალაქის ჩრდილოეთით, შავი კვამლის სვეტი ჩანს. ირანის რევოლუციური გვარდია ქვეყნის მასშტაბით ამუშავებს რამდენიმე ქარხანას, რომელთაგან ბევრი სამოქალაქო საქონელს აწარმოებს.
ირანს სამხედრო ობიექტებზე ხანძრები და სხვა უბედური შემთხვევები გახშირდა, რაშიც თეირანი თავის მთავარ მოწინააღმდეგეს, ისრაელს ადანაშაულებს. გასულ თვეში ირანმა განაცხადა, რომ ისრაელი საბოტაჟის მოწყობას ცდილობდა. ირანი დასავლეთის მკაცრი სანქციების ქვეშაა, რაც მას სხვადასხვა ტექნიკისა და შემცვლელი ნაწილების იმპორტში ხელს უშლის. ეს აიძულებს თეირანს, შავ ბაზარს მიაშუროს.