უკრაინა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მმართველთა საბჭოს ერთ-ერთ წევრად აირჩიეს.
სააგენტოს ინფორმაციით, 35-წევრიანი საბჭოს ახლად არჩეული წევრები არიან ალჟირი, სომხეთი, ბანგლადეში, ბურკინა-ფასო, ეკვადორი, ინდონეზია, სამხრეთ კორეა, ნიდერლანდები, პარაგვაი, ესპანეთი და უკრაინა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს პოზიცია კიევს მისცემს "რეალურ შესაძლებლობებს" გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სავალდებულოა სააგენტოს ყველა წევრისა და მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა იმუშავებს 10-პუნქტიანი სამშვიდობო ფორმულის პირველი პუნქტის განხორციელებაზე, რომელიც ეხება „ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას“ და რომ კიევი ორიენტირებულია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსული ძალებისგან სრული გათავისუფლების უზრუნველყოფაზე.