გიორგი კვირიკაშვილი ფილმ „იარე ლიზას“ ირგვლივ გამართულ პოლემიკაზე კომენტარს აკეთებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფილმ „იარე ლიზას“ ირგვლივ გამართულ პოლემიკასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ფილმი არ გადაუღია ავტორს იმისათვის, რომ ის პოლიტიკოსებისთვის სამომავლოდ გზამკვლევი გამხდარიყო, არც ისტორიული ჭეშმარიტების დადგენის ამბიცია გააჩნია მის ავტორს.

„დიდი ხანია, რაც პოლიტიკაზე ჩემი მოსაზრებების გამოთქმისაგან თავს ვიკავებ და მომავალშიც არ ვგეგმავ ამ მიმართულებით აქტივობას, თუმცა დღეს თავი ვალდებულად ჩავთვალე, საჯაროდ, მოკლედ გამომეთქვა ჩემი აზრი არა იმდენად ფილმზე „იარე ლიზა“, არამედ იმ პროცესების ხასიათზე, რაც აღნიშნული ფილმის დღის შუქზე გამოსვლამ გამოიწვია. თავს ვალდებულად მივიჩნევ ორი მიზეზის გამო:

პირველი, რადგანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხვდა პატივი, ვყოფილიყავი ქვეყნის ხელისუფლების სათავეში და ამიტომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, ანტისაოკუპაციო და შერიგების პოლიტიკა, საზოგადოებისთვის ჩემი პოზიციის თქმა მუდმივ მოვალეობად მიმაჩნია; მით უფრო, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და პოზიტიური ინიციატივის, " ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის" ინიციატორი და ავტორი გახლდით თანაგუნდელებთან ერთად.


მეორე მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე საჯაროდ გამომეხატა პოზიცია, გახლავთ ჩემი მორალური ვალდებულება ფილმის ავტორის მიმართ, საჯაროდაც ვთქვა ის, რაც მას პირადად ვუთხარი, როცა მომეცა საშუალება, მენახა ფილმი კინოთეატრებში გამოსვლამდე, მითუმეტეს, ახლა, როცა რეჟისორის მიმართ ხორციელდება უპრეცედენტო და დაუმსახურებელი შეტევა.

სანამ სათქმელს ვიტყოდე, მინდა გამოვხატო ტკივილის თანაზიარობა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ამ ფილმმა იარა და ტრაგედია განუახლა და მათ მიმართაც, ვისთვისაც ფილმის იდეა თუ მხატვრული ფორმა მიუღებელი აღმოჩნდა. არასოდეს მექნება იმის პრეტენზია, რომ ბოლომდე ვგრძნობ, რასაც იმ ჯოჯოხეთში გამოვლილი ადამიანები დღესაც განიცდიან და ალბათ, ეს ემოცია სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებათ.

  • ვფიქრობ, რომ „იარე ლიზა“ არ გადაუღია ავტორს იმისათვის, რომ ის პოლიტიკოსებისთვის სამომავლოდ გზამკვლევი გამხდარიყო, არც ისტორიული ჭეშმარიტების დადგენის ამბიცია გააჩნია მის ავტორს.

ყველაზე დადებითი, რაც ამ ფილმმა უნდა მოიტანოს და ვფიქრობ, რისთვისაც ფილმი შეიქმნა, არის ის, რომ საზოგადოებაში დაიწყოს ფიქრი, როგორ ვესაუბროთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. ის, რომ რუსეთია მომხდარი ბოროტების მთავარი აქტორი, რომელმაც ასევე საუბედუროდ შეძლო, აემოქმედებინა საბჭოთა იმპერიის მიერ ათწლეულების განმავლობაში ჩადებული ყველა ნაღმი, ფილმს არცერთ მომენტში არ გაუხდია სადავოდ. არც ანტისაოკუპაციო და არაღიარების პოლიტიკას აყენებს ამ ფილმით ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ.

ფილმის მთავარი სათქმელი, როგორც ეს მე, ერთმა ადამიანმა დავინახე, არის ის, რომ რუსეთთან თანმიმდევრული, უკომპრომისო საგარეო პოლიტიკის პარალელურად აფხაზებთან და ოსებთან გულახდილი საუბარია საჭირო - საუბარი, რომელიც დაფუძნებული იქნება როგორც ქართველების, ასევე აფხაზების და ოსების უდიდესი ტკივილის აღქმაზე და თანაზიარობაზე. უფრო ზოგადად კი, და ეს მარტო ამ ფილმს არ ეხება, არის ეროვნული დონის საკითხები, რომელთა ირგვლივაც თუნდაც კარდინალურად განსხვავებული პოზიციის ადამიანებმა თუ ვერ შევძელით დასხდომა და ერთმანეთის შეურაცხყოფის გარეშე არგუმენტებით მსჯელობა, რომელმაც შესაძლოა, ყოველთვის ვერც მიგვიყვანოს საერთო პოზიციამდე, მაშინ ჩვენ ვერასოდეს შევდგებით იმ საზოგადოებად, რომელიც საკადრისი იქნება ჩვენი ერის წარსულის და კაცობრიობის ცივილიზებული თანამედროვეობის და რომელიც უნდა გახდეს შემოქმედი ჩვენი შვილების ღირსეული მომავლის.

ვფიქრობ, ნანა ჯანელიძემ გამოიჩინა მოქალაქეობრივი გამბედაობა ასეთი (თუნდაც საკმაოდ პროვოკაციული) ფორმით ეთქვა თავისი, ერთი ადამიანის, რომელსაც უდავოდ სტკივა ეს პრობლემა, სათქმელი და ამისთვის ის ინკვიზიციას ნამდვილად არ იმსახურებს,”- წერს კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში.


აღსანიშნავია, რომ სოხუმის დაცემის დღეს, ფილმის კინოთეატრ „ამირანში“ ჩვენებას, დამსწრეთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ისინი ფილმში მოყვანილ „მცდარ ფაქტებზე“ მიუთითებენ.

„ჩვენ ფილმში ვთქვით ჩვენი სათქმელი, ის რასაც ადამიანები იქ ადამიანურ დონეზე ვხედავდით, არ გვაქვს უფლება, რომ ეს ჩვენს ფილმებში, ჩვენს წიგნებში გამოვხატოთ? ის აგრესია, რაც გუშინ მათ გამოავლინეს იქ, იყო სრულიად წარმოუდგენელი იმიტომ, რომ 90-იანი წლების დაბრუნება საქართველოში შეუძლებელია," - აცხადებს თავის მხრივ, ფილმის სცენარისტი, ლიკა ტოკლიკიშვილი.

28 სექტემბერს გაცხადება გაავრცელა კულტურის სამინისტრომაც.


უფრო ვრცლად ფილმის შესახებ მოსაზრებებს გაეცანით:

ლია ტოკლიკიშვილი, ფილმ "იარე ლიზას“ სცენარის ავტორი:

 - პირველი ტიტრიდან ბოლო ტიტრამდე, მთელი სიუჟეტით, ეს არის ანტირუსული, ანტიოკუპაციური ფილმი! ეს არის ფილმი იმაზე, რომ აფხაზეთი, რომელიც რუსეთს მიბმული აქვს 30 წლის განმავლობაში, შენკენ შემოატრიალო, დაანახო შენი ნამდვილი სახე და სული. აჩვენო, როგორ ახოცვინა რუსეთმა ერთმანეთი ორ ხალხს, რომ ლიხნის კრებიდან მოყოლებული, რუსეთი უდებდა ტვინში აფხაზებსაც და ოსებსაც ანტიქართულ განწყობას, რაც მაშინდელი პოლიტიკური ჯგუფების დახმარებით ომით დააგვირგვინა.

ეს ფილმი იმაზეა, რომ რუსების ტექნიკით შემოდიოდა აფხაზი ჩვენი სახლების ასაოხრებლად, მერე კი, ჩვენ რომ აგვაოხრეს, აფხაზები აქციეს მოერეხარისხოვან მოქალაქეებად აფხაზეთში. ეს არის ანიმაციაში: როცა ლენინის ძეგლი დაძრწის და იყურება ომით დაბნელებულ ფანჯრებში; ეს არის გმირების სიტყვებში, როცა ამბობენ, რომ რუსეთმა დაიწყო ყველაფერი, რომ რუსი შეესია ახალდაბას აფხაზების სახელით და გაჟლიტა იქაურები, რუსულმა ტექნიკამ ჩამარხა გაგრის მიწაში ასობით ქართველი. ეს არის ფილმი ქართველებისა და აფხაზების ტრაგედიაზე, ჩვენს ერთად დაკარგულ სამშობლოზე, რუსეთის გამარჯვებაზე და ორივე ხალხის დამარცხებაზე აფხაზეთში.


ამ ფილმით უნდა გაიგოს მსოფლიომ, რაც ვერ გაიგო საქართველოს ვერცერთი ხელისუფლებისგან: რომ ბუჩამდე იყო გაგრა, სადაც რუსული იარაღით გაგვჟლიტეს და დაგვაკარგვინეს ქვეყანა. კინო არის კულტურის სფერო. კინოს თავისი ენა აქვს იმის სათქმელად, რასაც პოლიტიკოსები ტრიბუნებიდან ამბობენ. ჩვენ ასე ვთქვით - ფილმით: ანიმაციით, ტექსტით, სიუჟეტით... ტექსტი დღიურებია, რომლებიც ომის მონაწილეების მონათხრობისგან შედგება. ომის მონაწილეები არიან ჯარისკაცები, დევნილები, როგორც ქართული, ასევე აფხაზური მხრიდან. ქართულ დღიურებთან ერთად, აფხაზური დღიურებიც არის გამოყენებული. ფილმში გაშლილია, ქართველი რას გრძნობს და აფხაზი რას გრძნობს ამ ომის წინააღმდეგ.

გურამ ოდიშარია, მწერალი, კულტურის ყოფილი მინისტრი:

 - ამ ფილმის სცენარის ავტორი არ გახლავართ, არც შემოქმედებითი ჯგუფის წევრი. ფილმის ფინალში გამოყენებულია პასაჟი ჩემი "დევნილთა უღელტეხილიდან". გაუგებარია, ზოგიერთს რატომ ჰგონია, რომ ფილმი პრორუსულია. პირიქით, მანდ რუსული პოლიტიკის კრიტიკაა. ვისაც არ უნახავს, მეგობრულად ვურჩევდი, ნახოს. მეც აუცილებლად ერთხელ კიდევ ვუყურებ, და კიდევ - ვისაც არ წაუკითხავს, უმორჩილესად ვთხოვდი, წაიკითხოს.

თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი:

- ეკატერინე, ლიზას როლის შემსრულებელი არის ჩემი უახლოესი მეგობარი. ეკა და მე ვმონაწილეობდით ქართულ-აფხაზურ შეხვედრებში ნეიტრალურ ტერიტორიაზე, გვყავს აფხაზი მეგობრები სოხუმში და ვიცით, რა მნიშვნელოვანია დიალოგი ამ ორ მხარეს შორის, რადგან ბევრი მტრულად განწყობილი გვიქცევია მეგობრად...

ეკას ბოლო რომანი, ისევე, როგორც ჩემი, არის აფხაზეთზე. თუ არ იქნება დიალოგი, თუ არ იქნება პატიება, თუ არ იქნება ორივე მხრიდან ომის ტრაგედიების და საკუთარი შეცდომების აღიარება, ისე შერიგება არ მოხდება...

ანუ რა გვინდა, ომში მარტო ერთი მხარეა დამნაშავე? მარტო აფხაზები იყვნენ მკვლელები?


„კვირის პალიტრის“ შეკითხვას, რომ კრიტიკოსები ამბობენ, ფილმი კულტურის სამინისტრომ დააფინანსა და რუსეთი სათანადოდ დამნაშავედ არ არის გამოყვანილი, დოლენჯაშვილი ასე პასუხობს:

  • სალომე ჯაშის "მოთვინიერება" ვინ დააფინანსა? ვინ დააფინანსა ყველა ქართული ფილმი ? კინოცენტრმა არა? თუ უცხოპლანეტელი სპონსორები ჰყავდათ? აბსურდული არგუმენტია!

და რუსეთი ფილმში კარგადაა გამოყვანილი? თუ აგრესორად და მტრად? ჩვენ თუ არ მოვახდინეთ წარსულის გადაფასება, თუ ორივე მხარემ არ ვაღიარეთ ჩვენი შეცდომები, არ გავიაზრეთ მთელი ომი, მისი ტრაგედია და ვერ შევძელით ვერც პატიება, ვერც დიალოგი, აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ და ზუსტად ეს უნდა ჩვენს საერთო მტერს - რუსეთს! ამიტომ ეს ცალმხრივი წივილ-კივილი, როგორ გაბედეთ და აფხაზების ტკივილზე და მათ პოზიციაზე ასაუბრეთ, დაწერეთ, გადაიღეთო - ზუსტად რუსული ნარატივი და ჩვენი მტრის მიზანია, რომ მუდმივად ვიყოთ დაპირისპირებულები, ენგურის სხვადასხვა მხარეს ერთმანეთზე დაბოღმილები, ვატოლებდეთ ჩვენს მკვდრებს და ტკივილს და ვერასდროს ვერ გავუგოთ ერთმანეთს.

მე მყავს მეგობარი სოხუმში, ბიჭი, რომელსაც მამა ქართველებმა მოუკლეს. ის საქართველოში ჩამოვიყვანეთ და ეგონა, მტრებთან მოდიოდა, ახალ ომში. სამ დღეში ადამიანი ისე შეიცვალა და გარდაისახა, მეუბნებოდა, გადმოვსახლდები და ანაკლიის პორტში ან თბილისში დავიწყებ მუშაობასო. ზუსტად ესაა დიალოგის ძალა, ხელოვნების ძალა, ერთმანეთთან დიალოგის და საუბრის ძალა!


დავით ბუხრიკიძე, კინომცოდნე:

- ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმში ჩვენს დანაშაულებზეც არის ნაჩვენები, ჩვენმა ჯარმა რაც გააკეთა. ნაჩვენებია ჩვენს საკუთარ პრობლემებზე, შეცდომებზე, კომპლექსებზე ... როგორც ქართველთა, ასევე აფხაზთა მხრიდან, თანაპროპორციულად წარმოდგენილი, რაც ჩვენმა მებრძოლებმა ჩაიდინეს, ასევე - აფხაზებმაც. ორივე წყაროა გამოყენებული, როგორც აფხაზი პოეტის და მწერლის, ასევე, ქართველი სცენარისტის - ლია ტოკლიკიშვილის...

სიუჟეტი ასეთია: ფილმის მთავარი გმირი ჟურნალისტი ქალია, რომელიც 25 წლის წინათ რეპორტიორად მუშაობდა აფხაზეთის ომში. ამჟამად ის ცნობილი ტელეწამყვანია, რომელიც პირდაპირ ეთერში იღებს ზარს აფხაზი მეომრისგან. ეს ზარი მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდება, რის შემდეგ ლიზა იწყებს გრძელ გზას, რათა მნიშვნელოვანი სათქმელი მიიტანოს აფხაზ მეომრამდე... იგი ყველაფერს მიატოვებს - სახლს, დედას, შვილს, ქმარს, ყოფილ საყვარელს... მიდის და მისი სვლა არის დაუოკებელი, ფაქტობრივად, ახალგაზრდა რეპორტიორის განცდებს აცოცხლებს. ლიზას როლს ეკა ტოგონიძე ასრულებს, პარალელურად, ნაჩვენებია ის ახალგაზრდა ლიზაც, რომელსაც შედარებით ახალგაზრდა მსახიობი თამაშობს. ფილმში ძალიან მნიშვნელოვანია დამდგმელი მხატვრის - გოგი მიქელაძის როლი.


შეკითხვას, თუ რამ გამოიწვია მაყურებლის ნაწილის პროტესტი, დავით ბუცხრიკიძე ასე პასუხობს:

- ვფიქრობ იმან, რომ პირდაპირ განვაცხადეთ, ჩვენც რაღაცაში რომ ვართ დამნაშავე... უმეტესად ვსაუბრობთ აფხაზების სასტიკ დანაშაულზე, რომლებმაც ახალდაბაში გაუგონარი რამ ჩაიდინეს, 500 ადამიანი დახოცეს, თავები მოაჭრეს და ფეხბურთი ითამაშეს... ბევრი თვლის, რომ სანამ ჩვენ ამ მდგომარეობაში ვართ და რუსეთი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საშუალებას არ გვაძლევს, საკუთარ დანაშაულზე საუბარი შეცდომაა...

ფილმში რუსეთზე ტონი ცოტა შერბილებულია. ნაკლებად არის აქცენტი რუსეთზე გამახვილებული, უფრო წინა პლანზე აფხაზურ-ქართული კონფლიქტია წამოწეული, ვიდრე ის რომ რუსეთი ინსპირატორი იყო,“ - ამბობს დავით ბუცხრიკიძე „კვირის პალიტრასთან.“