Microsoft-ი 2023 წლის 30 სექტემბრის შემდეგ რუსული კომპანიებისთვის ლიცენზიებს აღარ განაახლებს. 2022 წლის მარტში Microsoft-მა რუსეთში ახალი პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვები შეაჩერა. Forbes-ის ცნობით, მიზეზი აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციებია, რომელიც რუსეთს უკრაიანაში შეჭრის გამო დაუწესდა.
ყველა აქტიური გამოწერა ფუნქციონირებას გააგრძელებს განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, თუმცა ლიცენზია განახლებადი აღარ იქნება.
საოპერაციო სისტემები, საოფისე პროგრამები და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული გადაწყვეტები - ეს ის პროდუქტებია, რომლითაც რუსული კომპანიები სარგებლობენ. რუსი მომხმარებლები უკვე აწყდებიან პრობლემებს საოპერაციო თუ სხვა სახის სისტემების განახლებებზე შეზღუდვებში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმაციის უსაფრთხოების პრობლემებს შექმნის. გარდა ამისა, განუახლებელი სისტემები კიბერთავდასხმებისათვის ყველაზე მოწყვლადი კატეგორიაა.