თეგი: Microsoft
Microsoft-ი Windows 11-ის მომხმარებლებს აფრთხილებს
Microsoft-მა Windows-ის მომხმარებლებისთვის შეტყობინება გამოსცა, რომელიც მონაცემთა შესაძლო დაზიანებას ეხება. გზავნილი Microsoft-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილებაში განთავსდა. გაფრთხილება ეხება Windows 11 და Windows Server 2022 ოპერაციულ სისტემებს, ასევე, მოწყობილობებს, რომლებსაც აქვთ თანამედროვე პროცესორები. უფრო კონკრეტულად, თუ კომპიუტერზე BitLocker დისკის დაშიფვრის ფუნქცია გააქტიურებულია, მომხმარებელი რამდენიმე მნიშვნელოვანი მონაცემის რისკის ქვეშაა. Microsoft-ს ჯერ არ განუცხადებია, თუ როგორ უნდა აღადგინოს დაზიანებული ინფორმაცია.
Microsoft-მა საოფისე პროგრამებში ტექსტების დასაწერად შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტი გამოიყენოს
Microsoft-ი თავის საოფისე აპლიკაციებში (Office apps) ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას გეგმავს. ვარაუდობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, მომხმარებლებს შეეძლებათ, თავიანთ ტექსტებში ასევე ავტომატურად გენერირებული ტექსტების ფრაგმენტები მოთხოვნის საფუძველზე შეიტანონ. ინფორმაციას ამის შესახებ The Information-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 2019 წელს მაიკროსოფტმა OpenAI-ში თავისი პროდუქციის ახალი ტექნოლოგიის შესაქმნელად ერთი მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოახდინა. 2021 წელს კომპანიამ წარმოადგინა Copilot ინსტრუმენტი, რომელიც პროგრამისტებს ეხმარება, OpenAI-თან ერთად შექმნილი კოდი დაწერონ.
Microsoft-ი გეგმავს, გახსნას რეგიონული ჰაბი, რომელიც საქართველოსაც მოიცავს
Microsoft-ი ყაზახეთში რეგიონული ჰაბის გაფართოებას გეგმავს, რომელიც ასევე დაფარავს აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოს, მონღოლეთსა და პაკისტანს. ხსენებული საკითხი ყაზახეთის ციფრული განვითარების მინისტრ ბაღდატ მუსინსა და Microsoft-ის აღმასრულებელ დირექტორს შორის ორმხრივი შეხვედრის დროს განიხილეს. ბაღდატ მუსინის თქმით, პრეზიდენტმა თოყაევმა ლოკალური ჰაბის გაფართოების საკითხი ნიუ-იორკში მისი ვიზიტის დროს, Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტ მიშელ სიმონსთან განიხილა. „ეს საშუალებას მისცემს ყაზახეთს, გახდეს ტექნოლოგიებისა და მოწინავე გადაწყვეტილებების მიზიდულობის ცენტრი რეგიონის მასშტაბით. ამრიგად, როგორც Microsoft-ის ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრი, ჰაბი შეძლებს, გახდეს მამოძრავებელი ძალა განვითარებისთვის. ჰაბი შეძლებს, გახდეს ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ეროვნული ეკონომიკის გაძლიერების მამოძრავებელი ძალა, წარმოებისა და ექსპორტის სტიმულირებით“, - აღნიშნა მუსინმა აზერბაიჯანული მედიის ცნობით.
Microsoft რუსული კომპანიებისთვის ლიცენზიების განახლებას წყვეტს
Microsoft-ი 2023 წლის 30 სექტემბრის შემდეგ რუსული კომპანიებისთვის ლიცენზიებს აღარ განაახლებს. 2022 წლის მარტში Microsoft-მა რუსეთში ახალი პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვები შეაჩერა. Forbes-ის ცნობით, მიზეზი აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციებია, რომელიც რუსეთს უკრაიანაში შეჭრის გამო დაუწესდა. ყველა აქტიური გამოწერა ფუნქციონირებას გააგრძელებს განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, თუმცა ლიცენზია განახლებადი აღარ იქნება. საოპერაციო სისტემები, საოფისე პროგრამები და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული გადაწყვეტები - ეს ის პროდუქტებია, რომლითაც რუსული კომპანიები სარგებლობენ. რუსი მომხმარებლები უკვე აწყდებიან პრობლემებს საოპერაციო თუ სხვა სახის სისტემების განახლებებზე შეზღუდვებში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმაციის უსაფრთხოების პრობლემებს შექმნის. გარდა ამისა, განუახლებელი სისტემები კიბერთავდასხმებისათვის ყველაზე მოწყვლადი კატეგორიაა.
რუსმა ჰაკერებმა Microsoft-ის კორპორაციული ელ-ფოსტების ანგარიშები გატეხეს
კორპორაცია Microsoft-მა განაცხადა, რომ რუსმა ჰაკერებმა კორპორაციული ელ-ფოსტების, მათ შორის, ხელმძღვანელობის ანგარიშები გატეხეს. „კომპანიის უსაფრთხოების გუნდმა 12 იანვარს დააფიქსირა თავდასხმა და გამოძიება დაიწყო. აღმოჩნდა, რომ კიბერთავდასხმის უკან დგას ჯგუფი Midnight Blizzard, რომელსაც „რუსეთი უწევს სპონსორობას,“ ნათქვამია კორპორაციის პრესრელიზში. კომპანიის ცნობით, ჰაკერებმა შეძლეს წვდომის მოპოვება Microsoft-ის კორპორაციული -ელ-ფოსტების ძალზე მცირე პროცენტზე. მათ შორის. არის უმაღლესი ხელმძღვანელობის წევრების, კიბერუსაფრთხოების სამსახურის, იურიდიული სამსახურისა და სხვა ქვედანაყოფების თანამშრომელთა ელექტრონული ფოსტა. ჯგუფმა მოახერხა რამდენიმე ელექტრონული წერილისა და მასზე მიმაგრებული დოკუმენტების გატაცება. გამოძიებამ ასევე აჩვენა, რომ თავდაპირველად ჰაკერები ელექტრონულ ფოსტაში ეძებდნენ ინფორმაციას თავად Midnight Blizzard-ის შესახებ. კორპორაცია აღნიშნავს, რომ თავდასხმა არ არის დაკავშირებული Microsoft-ის პროდუქტებისა და მომსახურებათა დაუცველობასთან. ამჟამად არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ჰაკერებმა წვდომა მოიპოვეს კლიენტების გარემოზე, ამოსავალ კოდზე ან ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე. გამოძიება გრძელდება.
Amazon-ი და Microsoft-ი 20 მარტიდან რუსეთში საკუთარ ქლაუდ-სერვისებს დაბლოკავენ
ამერიკული კომპანიები Amazon და Microsoft 20 მარტიდან რუსეთში საკუთარ (cloud products - Power BI, Dynamics CRM და სხვა.) პროდუქტებზე წვდომას შეზღუდავენ. Softline-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ შესაბამისი ინფორმაცია ორი ტექნოლოგიური გიგანტისგან მიიღეს. რუსი მომხმარებლებისთვის ეს ნიშნავს ამერიკული კომპანიების პროდუქტების გამოყენებისა და მონაცემებზე წვდომის სრულ შეზღუდვას. შეზღუდვები უკავშირდება „ევროკავშირის მე-12 სანქციების პაკეტს“, რომელიც რუსეთში ბიზნეს ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის და სხვა პროდუქტების მიწოდებას ზღუდავს. ყველა კომპანიას ურჩევენ, რაც შეიძლება მალე დაარქივონ თავიანთი მონაცემები, რათა არ დაკარგონ წვდომა მნიშვნელოვან ინფორმაციაზე. ქლაუდ ტექნოლოგია პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, წვდომა ჰქონდეთ მონაცემებზე, პროგრამებსა და ბაზებზე, რომლებიც მათ კომპიუტერში არ ინახება. ვირტუალურ სერვერებში განთავსებულ ობიექტებთან წვდომისთვის ისინი ინტერნეტს იყენებენ. მომხმარებლები ყიდულობენ არა პროგრამული უზრუნველყოფის უვადო ლიცენზიებს, არამედ, სერვისს გარკვეული ვადით და შემდეგ ინტერნეტ ბრაუზერის საშუალებით იღებენ წვდომას.
Microsoft: რუსული პროპაგანდისტული ჯგუფი კამალა ჰარისზე ყალბ ცნობებს ავრცელებს
Microsoft-ის ახალი კვლევის თანახმად, რუსული პროპაგანდისტული ჯგუფი კამალა ჰარისზე ყალბ ცნობებს ავრცელებს. Microsoft-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსი ტროლები გააქტიურდნენ აგვისტოს ბოლოს, ერთ თვეში მას შემდეგ, რაც ჰარისის სასარგებლოდ წინასაარჩევნო რბოლიდან გასვლის შესახებ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. კომპანია მოელის, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართება, კრემლის მომხრე როგორც ძველი, ისე ახალი "ტროლების ფაბრიკები" განაგრძობენ დადგმული ვიდეოების გავრცელებას, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. Microsoft-ის ანგარიშში ასევე ნახსენებია "ტროლების ფაბრიკების" მსგავსი საქმიანობა ირანსა და ჩინეთში. ტროლების დაჯგუფება Storm-1516-მა შექმნა და გაავრცელა ორი ფეიკვიდეო, რომელთაგან თითოეულმა მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა. პირველ ვიდეორგოლში, თანმხლები ტექსტის თანახმად, „ჰარისის მომხრეები მისი მეტოქის, დონალდ ტრამპის მომხრეთა მიტინგში მონაწილეებს ესხმიან თავს“. მეორე დადგმულ ვიდეორგოლში კი, ერთ-ერთი გმირი ქალი ამტკიცებს, რომ 2011 წელს მას მანქანით დაეჯახა ჰარისი, რის შედეგადაც ის პარალიზებული იქნა. ფეიკვიდეოები კი, ტროლებმა გამოაქვეყნეს მასმედიის სახელს ამოფარებულ საიტზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინაა შექმნილი. 59 წლის კამალა ჰარისი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტია, ისევე როგორც პირველი შავკანიანი და აზიური წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტი. მანამდე ჰარისი კალიფორნიის შტატის პირველი ქალი გენერალური პროკურორი იყო. კამალა ჰარისი პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩაერთო მას შემდეგ, რაც 21 ივლისს შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კამალა ჰარისი აშშ-ის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება. რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, 78 წლის მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე. 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა.