ბორელი: უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა არ არის დამოკიდებული ბრძოლის ველზე განვითარებულ მოვლენებზე

ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისადმი "სტრუქტურირებული და მუდმივია" და არ არის დამოკიდებული ბრძოლის ველზე განვითარებულ მოვლენებზე "მომდევნო დღეებში ან კვირებში", განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა უკრაინის მედია ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენი მხარდაჭერა არ არის დამოკიდებული ერთდღიან მიღწევებზე. ეს არის მუდმივი, სტრუქტურირებული მხარდაჭერა, რადგან ჩვენ ევროპისთვის ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვდგავართ," - აღნიშნა ბორელმა.


მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინული ძალები კონტრშეტევის დროს ძლიერი რუსული თავდაცვის წინაშე დგანან, რაც ართულებს მათ პროგრესს.

„უკრაინელი ჯარისკაცები დიდი გამბედაობით იბრძვიან რუსეთის შთამბეჭდავი თავდაცვის სიმაგრეების წინ,” - განაცხადა ბორელმა.

სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს სიმაგრეები 25 კილომეტრის სიღრმეზეა.


ცნობისთვის, 30 სექტემბერს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების წარმომადგენლებმა მთავრობის დაფინანსებისთვისა და მუშაობის შეჩერების (ე.წ. „შათდაუნის”) თავიდან ასაცილებლად შეთანხმებას მიაღწიეს. კანონპროექტი მთავრობას კიდევ 45 დღის განმავლობაში მუშაობის საშუალებას მისცემს. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა (D-NY), უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა (R-KY) და ასიგნებების კომიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მოელიან, რომ სენატი იმუშავებს უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად.


2021 წლის იანვრიდან შეერთებულმა შტატებმა 44,5 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო უკრაინის უსაფრთხოების დახმარებისთვის. ეს მოიცავს 43,9 მილიარდ დოლარზე მეტს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.