როგორ აფასებს ომბუდსმენი „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს

ომბუდსმენი ლევან იოსელიანი „შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება, მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია - არც ერთი ცვლილებება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან იყო დაკავშირებული სახალხო დამცველის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და არც ეს დარჩება.

ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატების კანონპროექტს ჯერ არ იცნობს და მას შემდეგ რაც გაეცნობა დეტალურ შეფასებას გააკეთებს.


„როცა საქმე გამოხატვის თავისუფლებას ეხება, ჩვენ ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით და ზოგადი საერთაშორისო სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ. თუ კანონში დაგეგმილი ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, ამას სახალხო დამცველისგან რეაქცია ექნება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა მედიასთან.


შეგახსენებთ, მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით განსახილველად მზად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.