პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა.
მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისასალმებელია ბოლო დროს ორმხრივი კონტაქტებისა და მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურება, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თანამშრომლობის წინსვლაში.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროგრესის მიმართ სლოვენიის მხარდაჭერას. მისი თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანი და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია.
ამ მიზნის მისაღწევად კი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მომავალშიც ექნება სლოვენიის რესპუბლიკის მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც დაეხმარება საქართველოს, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადავიდეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მანვე სლოვენიის რესპუბლიკას გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად არჩევა მიულოცა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში სლოვენიის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი − ბლაჟ მასლე; სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრები − მატეი ტონინი და ალექსანდერ პროსენ კრალი; სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის გენერალური მდივანი − ურშულა ზორე თავჩარი; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი − რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში − ირაკლი კოპლატაძე.