უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ განიხილეს რეგიონული უსაფრთხოება, აქტუალური გამოწვევები და ურთიერთქმედების ფორმატები.
„სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და მადლობა გადავუხადე მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელსაც აზერბაიჯანი უკრაინას აწვდის, კერძოდ ენერგეტიკულ სექტორში ზამთრის მოახლოების ფონზე. დავადასტურეთ სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისადმი ჩვენი ერთგულება,“ - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
თავის მხრივ, აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს უკრაინისთვის გაწეული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
მხარეებმა გამოთქვეს მხარდაჭერა სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ამასთან, გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, არსებულ საფრთხეებსა და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატებზე.
ალიევმა უკრაინისთვის $7,6 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას ივლისში მოაწერა ხელი.
ასევე 10 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ აზერბაიჯანელი ექსპერტები უკრაინელებს განაღმვის სფეროში წვრთნებს ჩაუტარებენ.