რუსეთის კურსკის ოლქი დრონების სამიზნე იყო

რეგიონის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი რუსეთის კურსკის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი თავდასხმის შესახებ იუწყება.


სტაროვოიტის მიერ ტელეგრამ არხზე დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, „უკრაინულმა უპილოტოებმა“ ინფრასტრუქტურის ობიექტებს შეუტიეს კურსკის ოლქის სამ რაიონში. გუბერნატორის თანახმად, შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება. სტაროვოიტი კონკრეტულ ობიექტებს არ ასახელებს. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის დადასტურებული.


ბოლო ხანს, კურსკის ოლქზე დრონებით შეტევა თითქმის ყოველდღე ხდება. სამიზნეებს შორისაა ენერგოობიექტები. სექტემბერში, ერთ-ერთი ასეთი დარტყმის შემდეგ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, რომ შეტევა მათი ორგანიზებული იყო და თუ რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს არ შეწყვეტს, უფრო მეტ დარტყმას მიიღებს.

რუსეთის კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება.