ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას აქვს თეთრი სახლის 100%-იანი მხარდაჭერა და დიდი მხარდაჭერა კონგრესში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინის დახმარებისა და მხარდაჭერის, დემოკრატიის დაცვაში ერთ-ერთი ლიდერია.

„ვგრძნობ, რომ აშშ-ში არსებობს ჩვენს მიმართ მხარდაჭერა," - აღნიშნა ზელენსკიმ იტალიურ ტელეარხ Sky TG24-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, უკრაინას აქვს „თეთრი სახლის 100%-იანი მხარდაჭერა“ და „დიდი მხარდაჭერა კონგრესში“.

„შეერთებულმა შტატებმა არ დაუშვა ჩვენი დაცემა ძალიან რთულ დროს. მიუხედავად იმისა, რომ იყო განსხვავებული ხმები. თქვენ იცით, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებს შორის იყო განსხვავებული ხმები, მაგრამ უმეტესწილად, „დემოკრატებიც“ და „რესპუბლიკელებიც“ უკრაინას უჭერდნენ მხარს," - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთი ახლა უფრო სუსტია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო, ამიტომ მხარდაჭერის შეჩერება ან ბრძოლის გაყინულ კონფლიქტად გადაქცევა აგრესორის დახმარებას ნიშნავს. საქმე არ ეხება უკრაინისთვის დახმარების არ აღმოჩენას და ჩვენი შეტევითი ან თავდაცვითი მოქმედებების გართულებას. არა, ეს ასე არ არის. ნებისმიერი პაუზა დღეს მხოლოდ რუსეთის ფედერაციისთვის დახმარების აღმოჩენაა," - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში შეერთებული შტატებისა და ევროპის მხარდაჭერა შეინარჩუნოს.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის მიერ უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო იმედგაცრუებულია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინდა, გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ მიუხედავად კონგრესის მიერ უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერისა, რეზოლუცია, რომელიც შაბათს კონგრესმა მიიღო, არ შეიცავს მნიშვნელოვან დახმარებას უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა მილერმა.


მისივე განმარტებით, „მიუხედავად იმისა, რომ აქვთ, შესაძლებლობა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს მომავალში, უკვე ამოწურეს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების დაფინანსების უმეტესი ნაწილი."

„აუცილებელია, რომ კონგრესმა მიიღოს ზომები. კონგრესის ორივე პალატის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, რადგან ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. საუბარია იმ სამყაროზე, რომელშიც გვინდა, რომ ვიცხოვროთ. თუკი პრეზიდენტ პუტინის მსგავს ავტორიტარებს მივცეთ უფლებას, გააკეთონ ის, რაც სურთ, მაშინ მთელი გაეროს წესდება დაიმსხვრევა და ჩვენ ვიცხოვრებთ სამყაროში, სადაც ასეთი აგრესია შეიძლება, ყველგან, ნებისმიერ დროს მოხდეს. ეს ბევრად უფრო ძვირი და საშიში იქნებოდა ამერიკელი ხალხისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, შეწყდეს ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა.


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. ბორელმა ამერიკელ კანონმდებლებს კიევიდან მოუწოდა, გადახედონ უკრაინის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას.


ჯო ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას.“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესის სადავო გადაწყვეტილების ფონზე, მოკავშირეებს უდასტურებს, რომ აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს.