CNN-ის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დროებითმა სპიკერმა, პატრიკ მაკჰენრიმ ამავე პალატის ყოფილ სპიკერსა, დემოკრატ ნენსი პელოსის და მის მოადგილეს, მერილენდის წარმომადგენელ სტენი ჰოიერს, საკუთარი ოფისების დატოვება მოსთხოვა. CNN-ის ცნობით, ამ გადაწყვეტილების უკან კევინ მაკკარტი დგას.
ხსენებულ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პელოსთან და ჰოიერთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ ეს იყო შურისძიება დემოკრატებისთვის, რომლებიც მხარს უჭერდნენ მაკკარტის გადაყენებას. მაკარტი და მაკჰენრი კომენტარს არ აკეთებენ.
თავად პელოსიმ თავის განცხადებაში, მომხდარი ტრადიციიდან მკვეთრ გადახვევად შეაფასა.
„საოფისე ფართს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, მათთვის მნიშვნელოვანია. ახლა, როცა რესპუბლიკელთა ახალმა ხელმძღვანელობამ მოაგვარა ეს „მნიშვნელოვანი საკითხი“, ვიმედოვნებთ, რომ ისინი დაიწყებენ მუშაობას იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია ამერიკელი ხალხისთვის,“ - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა.
შეგახსენენბთ, აშშ-ის კონგრესის სპიკერი, კევინ მაკკარტი თანამდებობიდან 4 ოქტომბერს გადააყენეს.