ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი პატიმრობაში მყოფი ირანელი უფლებადამცველი გახდა

2023 წლის ნობელის მშვიდობის პრემია გადაეცა ირანელ უფლებადამცველ ნარგეს მოჰამადის, „ირანში ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისა და, ზოგადად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების ხელშეწყობისთვის ბრძოლისთვის."

უფლებადამცველი სხვადასხვა დროს 13-ჯერ დააკავეს, მას ჯამში 31 წელი აქვს მისჯილი და ახლაც ირანის ციხეში იმყოფება.


მოჰამადი 351 ნომინანტიდან შეირჩა, მათ შორის 259 იყო კერძო პირი, ხოლო 92 - ორგანიზაცია. პრემიის წესების თანახმად, მათი სახელები მხოლოდ ორმოცდაათი წლის შემდეგ გამოქვეყნდება. მშვიდობის პრემიის კანდიდატები შეიძლება დასახელდნენ იმ პირების მიერ, რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ კრიტერიუმებს. დაუშვებელია საკუთარი თავის წარდგენა.

სხვა ნობელის პრემიებისგან განსხვავებით, მშვიდობის პრემია გაიცემა ნორვეგიაში და არა შვედეთში. დაჯილდოების ცერემონია ოსლოში 2023 წლის დეკემბერში გაიმართება.