ევროკავშირი შავი ზღვის კაბელის პროექტში სომხეთის ჩართვას მხარს დაუჭერს - ფაშინიანისა და ლაიენის ერთობლივი განცხადება

ესპანეთის ქალაქ გრანადაში გამართული შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა  ერთობლივი განცხადება მიიღეს.


ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კომისია დაფინანსების მობილიზებას ახდენს, რათა თავისი წლიური პროგრამიდან, სომხეთისთვის საბიუჯეტო დახმარების სახით, 15 მილიონი ევრო გამოყოს.

გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროკავშირი და სომხეთი მოწოდებულნი არიან, გააძლიერონ ეკონომიკური კავშირები.


„ევროკავშირი და სომხეთი მუშაობენ ჩვენი ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების სრული პოტენციალის გამოსავლენად. კერძოდ, ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა (EIP) სომხეთისთვის ითვალისწინებს 2,6 მილიარდ ევროს გამოყენებას მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებში ინვესტიციებისთვის. კომისია და სომხეთი გააორმაგებენ ძალისხმევას მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად. ევროკომისია მხარს დაუჭერს სომხეთის მონაწილეობას რეგიონულ პროექტებში, კერძოდ, შავი ზღვის ელექტრო კაბელის პროექტში აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, უნგრეთთან და რუმინეთთან ერთად. 

და ბოლოს, კომისია გააძლიერებს ტექნიკურ დახმარებას სომხეთისთვის, განსაკუთრებით საჰაერო უსაფრთხოებისა და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში. პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის მხარდასაჭერად ევროკავშირი-აშშ ერთობლივი ღონისძიების მზადების შესახებ განაცხადა. უახლოეს დღეებში ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიებს იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.