რეგიონული პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა, სერხი ბოლვინოვმა განაცხადა, რომ ოთხი ადამიანი, მათ შორის, ორი ბავშვი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება რუსული თავდასხმის შემდეგ, რომელსაც ხარკოვის ოლქის სოფელ ჰროზაში 52 ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდასხმა, სავარაუდოდ, რუსული ბალისტიკური რაკეტით ისკანდერით განხორციელდა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ სოფელ ჰროზაში საველე ჯგუფი გაგზავნა.
5 ოქტომბერს რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელ ჰროზას კაფე-მაღაზიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, როდესაც იქ ჯარისკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობდა.
მსხვერპლი მოჰყვა ასევე უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსეთის დღევანდელ სარაკეტო შეტევასაც. მაშველებმა სახლის ნანგრევებში იპოვეს 10 წლის ბიჭის ცხედარი. ხარკოვის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე 23 ადამიანი, მათ შორის, 11 თვის ბავშვი.