პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა იზრდება - ნაცვლად ხუთისა, პარლამენტს შესაძლოა შვიდი ვიცე-სპიკერი ჰყავდეს.
რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, რომელიც „ქართული ოცნების" დეპუტატებმა მოამზადეს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს სამი მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და სამი მოადგილე საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან.
მოქმედი რეგლამენტით, პარლამენტის სპიკერატში უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის ორ-ორი კვოტაა განსაზღვრული, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციისთვის განკუთვნილი ორი ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან ერთი ვიცე-სპიკერის კვოტა ვაკანტურად რჩება.
ვიცე-სპიკერებთან დაკავშირებით მოქმედ პარლამენტში ამჟამად ასეთი სურათია - პარლამენტს ჰყავს პირველი ვიცე-სპიკერი, რა თანამდებობასაც გია ვოლსკი იკავებს.
საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე არჩილ თალაკვაძე და დავით სერგეენკო არიან არჩეული.
რაც შეეხება ოპოზიციისთვის განსაზღვრულ კვოტას, ამ სტატუსით პარლამენტის ვიცე-სპიკერია პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე.
ოპოზიციისთვის განკუთვნილი ვიცე-სპიკერის კიდევ ერთ პოსტზე ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა უმრავლესობამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ბეჟაშვილი ვიცე-სპიკერად არ აერჩიათ.
ვიცე-სპიკერების რაოდენობის ზრდა პარლამენტის ხარჯებს ზრდის. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გასამრჯელოს ოდენობა 6 340 ლარია. მას ჰყავს სამდივნო და ემსახურება ავტომობილი.