- „ჰამასმა“ სერიოზული შეცდომა დაუშვა და ომი დაიწყო" ისრაელის წინააღმდეგ - ისრაელის თავდაცვის მინისტრი
- ისრაელის სამხედროებმა ღაზაში, ჰამასის ობიექტებზე მიიტანეს საპასუხო იერიში
- საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას თქმით, „გავრცელებული ინფორმაციით რამდენიმე ტერორისტმა შეაღწია ისრაელის სამხრეთის ქალაქებში.“
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ჰამასმა „ამ დილით სერიოზული შეცდომა დაუშვა და ომი დაიწყო" ისრაელის წინააღმდეგ.
ღაზის სექტორიდან სარაკეტო შეტევის გამო, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს.
BBC შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლეს. ისრაელის მხარე 2000-ზე მეტ რაკეტაზე მიუთითებს.
შეტევებზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მათ ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ალ-აქსას ქარიშხალი“ დაიწყეს.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დაიცავს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას და „ჰამასი“ გადაიხდის მძიმე ფასს თავისი ქმედებებისთვის.
გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისმოდა.
ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ღაზის სექტორიდან გასროლილი რაკეტის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.