ისრაელის თავდაცვის ძალები: „ჰამასმა“ აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ბრიგადის გენერალ დანიელ ჰაგარის განცხადებით, „ჰამასმა“ მძევლები და სამხედრო ტყვეები აიყვანა.

„არიან მძევლები და სამხედრო ტყვეები, რომლებიც „ჰამასმა“ აიყვანა. ასევე, არიან დაღუპულები ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს შორის. ზუსტი რიცხვი ჯერ არ გვაქვს - ომში ვართ,“ - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა CNN-ის ცნობით.


„ჰამასის” პოლიტიკური ბიუროს უფროსის მოადგილის, სალეჰ ალ-არაურის განცხადებით, ისრაელის არმიის „უფროსი ოფიცრები" დაატყვევეს.

„ის რაც ჩვენს ხელშია გაათავისუფლებს ყველა პატიმარს ისრაელში. დავატყვევეთ საოკუპაციო არმიის უფროსი ოფიცრები,“ - განაცხადა სალეჰ ალ-არაურმა „ალ-ჯაზირასთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, „ჰამასი“ მზადაა, პასუხი გასცეს ისრაელის სახმელეთო შეჭრას ღაზაში, რაც, მისი მტკიცებით, „საუკეთესო სცენარია მტრის წინააღმდეგ კონფლიქტის მოსაგვარებლად“.

BBC წერს, რომ დაახლოებით, 200 ადამიანი დაიღუპა ღაზაში ისრაელის საპასუხო დარტყმების შედეგად.