ისრაელზე „ჰამასის“ იერიშის შემდეგ, ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ისრაელში სულ მცირე 150 ადამიანი დაიღუპა, 1100-ზე მეტი კი, საავადმყოფოებში მკურნალობს. ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო იერიშს 230-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დასავლეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ წლების განმავლობაში ესხმოდა თავს ისრაელს, თუმცა დღევანდელი იერიში ყველაზე მასშტაბურია. ღია წყაროების თანახმად, ტერორისსტებმა ქვეყნის ტერიტორიაზე შეაღწიეს. აიყვანეს მძევლები და სამხედრო ტყვეები. ქვეყნის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ მათ განადგურებით ემუქრება.
რას წარმოადგენს დასავლეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“. ამასთან დაკავშირებით Europetime სტატიას ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით გთავაზობთ.
„ჰამასი“ არის ისლამისტური ორგანიზაცია, რომელიც 1987 წელს გამოჩნდა, წარმოიშვა მუსლიმთა საძმოდან, სუნიტური ისლამისტური ჯგუფიდან, რომელიც 1920-იანი წლების ბოლოს ეგვიპტეში დაარსდა.
სიტყვა „ჰამასის“ აკრონიმი არის Harakat Al-Muqawama Al-Islamia - არაბული ისლამური წინააღმდეგობრივი მოძრაობისთვის.
ჯგუფი, ისევე როგორც პალესტინის ფრაქციებისა და პოლიტიკური პარტიების უმეტესობა, ამტკიცებს, რომ ისრაელი არის ოკუპანტი ძალა და რომ ის ცდილობს, გაათავისუფლოს პალესტინის ტერიტორიები. ის ისრაელს არალეგიტიმურ სახელმწიფოდ მიიჩნევს.
ჯგუფი თავს წარმოაჩენს ალტერნატივას პალესტინის თვითმმართველობისა (PA), რომელმაც ისრაელი აღიარა და მასთან მრავალ წარუმატებელ სამშვიდობო ინიციატივაშიც ჩაერთო. PA-ს დღეს მაჰმუდ აბასი ხელმძღვანელობს და დასავლეთ სანაპიროზეა დაფუძნებული. ამავდროულად, „ჰამასი“ აკონტროლებს ღაზის სექტორს, ანკლავს, სადაც დაახლოებით 2 მილიონი პალესტინელი ცხოვრობს და სადაც ხშირად ბოევიკებსა და ისრაელის ძალებს შორის სროლების დროს, მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება.
„ჰამასი“ ისრაელზე არაერთ თავდასხმას წლების განმავლობაში აწარმოებდა. ის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და ისრაელმა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარეს. ისრაელი თავის მთავარ მტერს ირანს „ჰამასის“ მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
მომზადებულია CNN-ის მიხედვით.