ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ საქართველოს არცერთი მოქალაქე ისრაელში მიმდინარე მოვლენების გამო არ დაშავებულა. ელჩის ინფორმაციით, საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს დასჭირდა საელჩოს დახმარება და ისინი ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან.
„საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. მუდმივ კონტაქტზე ვართ როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროსთან, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე ისრაელის პოლიციასთან. არ არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც შეიძლებოდა, დაშავებულიყო ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი რამდენიმე მოქალაქე გუშინ უსაფრთხო ადგილზე იქნა გადმოყვანილი, სამი არის ნათანიაში, ერთ არის თელ ავივში,“ – განაცხადა ჟვანიამ, რომლის კომენტარს საგარეო უწყება ავრცელებს.
რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ ვითარებას, დაღუპულია 25-ზე მეტი ადამიანი.
„ამ მასშტაბის ტერორისტული აქტი არ ყოფილა ქვეყანაში მრავალი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, ისრაელის ისტორიაში შეუძლებელია, გავიხსენოთ რომელიმე ფაქტი, რომელსაც ამდენი მსხვერპლი მოჰყვა. დილით ისრაელის არმიამ კიდევ გამოაქვეყნა 25 გარდაცვლილი ახალგაზრდის სია, რომელთა საშუალო ასაკი 20 წელია. ეს უმძიმესი პერიოდია ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში, ებრაელი ერის ცხოვრებაში. ჯერ კიდევ არ არის ყველა ადგილზე, დასახლებაზე კონტროლი აღებული ისრაელის არმიის მიერ.“
საერთაშორისო კომერციულმა ავიაკომპანიებმა გააუქმეს თავიანთი რეისები ისრაელის მიმართულებით და ისრაელიდან. ისრაელის აეროპორტი დაკეტილი არ არის. გუშინ შესრულდა რამდენიმე რეისი. გუშინ საღამოს საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში ისრაელიდან. ისინი, ვინც ვერ დაბრუნდნენ, საქართველოს საელჩოს დახმარებით, უზრუნველყოფილები არიან სასტუმროთი.
ბავშვები არიან პედაგოგებთან ერთად, რომლებიც ფესტივალზე იყვნენ ჩამოსულები, ისინი უსაფრთხოდ არიან. სამი ტელეფონის ნომერია გამოცხადებული, თუ რაიმე დამატებითი ინფორმაცია იქნება საჭირო. თუ ვინმე რაიმე ინფორმაციას ფლობს საქართველოს მოქალაქეებზე, გთხოვთ, შეგვატყობინოთ,“ – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“ და "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.