WSJ: ამერიკელი სენატორები უკრაინისთვის 50-100 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს მხარს უჭერენ

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამერიკელმა სენატორებმა 50-100 მილიარდი დოლარის ერთწლიანი დახმარების პაკეტისადმი ორპარტიული მხარდაჭერა დააფიქსირეს.

შეთანხმების შემთხვევაში, პაკეტი, შეიძლება, მიმდინარე ხარჯების კანონპროექტის ვადის ამოწურვამდე, 17 ნოემბერს მიიღონ.


შემოთავაზებული პაკეტის ოდენობა 50-დან 100 მილიარდ დოლარამდე მერყეობს და მნიშვნელოვანი ზრდაა 24 მილიარდი დოლარის დაფინანსების შემდეგ, რომელიც ბაიდენმა კონგრესს აგვისტოში შესთავაზა. სენატორებმა Wall Street Journal-ს განუცხადეს, რომ ერთი დიდი დაფინანსების პაკეტი "უკრაინას ნდობის განცდას მისცემს" და "პოლიტიკური თვალსაზრისითაც" უფრო ხელსაყრელია.

შეგახსენებთ, უკრაინის დაფინანსება 30 სექტემბერს მიღებული ხარჯების კანონპროექტიდან ამოიღეს, რათა თავიდან აეცილებინათ აშშ-ის მთავრობის დახურვა, რამაც თავის მხრივ, ეჭვები გამოიწვია ამერიკის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.