რა გავლენა ექნება კონგრესის სპიკერის არჩევას უკრაინის დახმარებაზე

პირველ ოქტომბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად, დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის მიერ უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო იმედგაცრუებულია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, 3 ოქტომბერს განაცხადა.


მისივე განმარტებით, „მიუხედავად იმისა, რომ აქვთ, შესაძლებლობა, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს მომავალში, უკვე ამოწურეს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების დაფინანსების უმეტესი ნაწილი."

„მინდა, გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ მიუხედავად კონგრესის მიერ უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერისა, რეზოლუცია, რომელიც შაბათს კონგრესმა მიიღო, არ შეიცავს მნიშვნელოვან დახმარებას უკრაინის მიმართ.


„აუცილებელია, რომ კონგრესმა მიიღოს ზომები. კონგრესის ორივე პალატის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, რადგან ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. საუბარია იმ სამყაროზე, რომელშიც გვინდა, რომ ვიცხოვროთ. თუკი პრეზიდენტ პუტინის მსგავს ავტორიტარებს მივცეთ უფლებას, გააკეთონ ის, რაც სურთ, მაშინ მთელი გაეროს წესდება დაიმსხვრევა და ჩვენ ვიცხოვრებთ სამყაროში, სადაც ასეთი აგრესია შეიძლება, ყველგან, ნებისმიერ დროს მოხდეს. ეს ბევრად უფრო ძვირი და საშიში იქნებოდა ამერიკელი ხალხისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, შეწყდეს ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა.


კონგრესის სადავო გადაწყვეტილების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოგვიანებით, მოკავშირეებს დაუდასტურა, რომ აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს.

ჯო ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერას.“


აშშ-ის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი პოლ გობლი Europetime-თან ამბობს, რომ კონგრესში დავები სერიოზულად უნდა განვიხილოთ, თუმცა გობლი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი მათ გამო არ შეფერხდება.

„არამხოლოდ თითქმის ყველა დემოკრატი, არამედ, რესპუბლიკელების უმეტესობა, გარდა MAGA-ს ექსტრემისტებისა, უკრაინის მხარდაჭერას ემხრობა,“ განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ინფორმაციისთვის, (MAGA (Make America Great Again - ამერიკული პოლიტიკური სლოგანია, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა დონალდ ტრამპის მიერ 2016 წლის წარმატებული საპრეზიდენტო კამპანიის დროს).


საგულისხმოა, რომ 4 ოქტომბერს რესპუბლიკელი კევინ მაკკარტი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტიდან გადააყენეს.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის 118-ე მოწვევის წარმომადგენელთა პალატას ახალი თავმჯდომარე, 14 კენჭისყრის შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში აირჩიეს.


ახლა ახალი სპიკერის არჩევაზე იქნება დამოკიდებული „უკრაინის ბედიც“ - ამბობს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან. მას ბუშის ადმინისტრაციაში ეკავა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობა.

„რა მოხდება, ამის თქმა შეუძლებელია. წარმომადგენელთა პალატის პირველი ამოცანა არის ახალი სპიკერის არჩევა, რადგან სხდომა ვერ ჩატარდება სპიკერის გარეშე. ამიტომ, სპიკერის გარეშე ვერანაირ საქმეს ვერ გააკეთებენ და ვის აირჩევენ სპიკერად, სწორედ ეს განსაზღვრავს, იქნება თუ არა მეტი დახმარება უკრაინისთვის. ერთი კანდიდატია სენატორი ჯიმ ჯორდანი, ტრამპის მომხრე, ის ეწინააღმდეგება უკრაინის დახმარებას. მან შეიძლება, გაიმარჯვოს და გახდეს შემდეგი სპიკერი და ასეთ შემთხვევაში უკრაინას დახმარება არ ექნება. როგორც იცით, შემდეგ, კონგრესმა უნდა გამოყოს სწორედ ფული პრეზიდენტისთვის, რომ ის გახარჯოს.


სხვა კანდიდატი, სტივ სკალიზი ძალიან ემხრობა უკრაინის დახმარების გაგრძელებას და თუ ის გაიმარჯვებს, უკრაინისთვის დახმარება იქნება. ასე რომ, თვალი ადევნეთ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მომავალ არჩევნებს. ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი ვერაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აიძულოს კონგრესი, მიიღოს გადაწყვეტილება. თუ უკრაინისთვის მეტი დახმარება არ იქნება, ეს დამღუპველი აღმოჩნდება უკრაინის ომისთვის. დაახლოებით, 2 თვეზე ცოტა მეტი დროისთვის გათვალისწინებული ფული დარჩა, ამიტომ, პრეზიდენტ ბაიდენს ჯერ კიდევ აქვს 5 მილიარდი დოლარი უკრაინის დასახმარებლად, ის უკრაინას თვეში დაახლოებით, 2,7 მილიარდით ეხმარება,“ - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს.


რა ალტერნატიულ გზებს ეძებს თეთრი სახლი უკრაინის დახმარების უზრუნველსაყოფად, ამ თემას დასავლური მედია აქტიურად განიხილავს. Politico წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განიხილა დაფინანსების ალტერნატიული მეთოდები, რომლებიც კონგრესის დამტკიცებას არ საჭიროებს.

„სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტები არის რიგ ვარიანტებს შორის, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს კონგრესში არსებული ჩიხის გვერდის ავლით, დროებით მაინც,“ - განუცხადეს Politico-ს აშშ-ის მთავრობის წყაროებმა.


Reuters-ის სტატიიდან კი ირკვევა, რომ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება აშშ-ის სამხედრო გაყიდვების (FMS) პროგრამის გამოყენება.

ეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამაა, რომელიც გასცემს გრანტებს ან სესხებს, რათა დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შეძენაში ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალური თანხმობით, თუ ის თვლის, რომ ეს გააძლიერებს აშშ-ის უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს მსოფლიო მშვიდობას.

შეგახსენებთ, კიევში გამორიცხეს, რომ უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერაში რაიმე ცვლილება იქნება.

კიევში უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპელი ოფიციალური პირები გაკვირვებულნი არიან ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებით და პირობა დადეს, რომ ბლოკი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას რუსეთის დასამარცხებლად.