რომის პაპმა ვატიკანში ყოველკვირეული აუდიენციის დროს „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა და ამასთანავე, შეშფოთება გამოხატა „ღაზის სრული ალყის გამო.“ შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება.
„ტკივილითა და შიშით ვადევნებ თვალს იმას, რაც ხდება ისრაელსა და პალესტინაში. ამდენი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. ვლოცულობ იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც დაინახეს, რომ დღესასწაული გლოვის დღედ იქცა და ვითხოვ, რომ მძევლები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ, - განაცხადა რომის პაპმა.
„მათ, ვისაც თავს დაესხნენ, საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვთ, მაგრამ მე ასევე მაწუხებს ღაზის სრული ალყა, რომელშიც პალესტინელები ცხოვრობენ და სადაც ასევე ბევრი უდანაშაულო მსხვერპლი იყო,“ - განაცხადა რომის პაპმა.
„ახლო აღმოსავლეთს ომი არ სჭირდება, არამედ, მშვიდობა. მშვიდობა, რომელიც დამყარებულია სამართლიანობასა და დიალოგზე,“ - აღნიშნა რომის პაპმა.
მისივე შეფასებით, ტერორიზმი და ექსტრემიზმი არ უწყობს ხელს ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის გადაწყვეტას, არამედ, აძლიერებს სიძულვილს, ძალადობას, შურისძიებას და იწვევს ტანჯვას ორივე მხარისთვის."